ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაწყებული პროექტი, ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირების მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავიდა. ახლა უკვე ქართველი სტარტაპერებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის, ცოდნის მიღება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დროის მინიმალური დანახარჯით გახდება შესაძლებელი.
16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind, შესაძლებლობას იძლევა გააანალიზოს მოცულობითი ინფორმაცია და მათ შორის შეარჩიოს ლოგიკურად ყველაზე შესაბამისი პასუხი. ამასთან, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად, ვიდეოს საყურებლად თუ სხვა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მეწარმეობის, ინოვაციების და სტარტაპის განვითარების მოდელების შესწავლას მომხმარებელი ახალი პლატფორმის გამოყენებით მალე შეძლებს. პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.
“ჩვენს პროდუქტს აქვს ლოგიკური ძიების უნარი, რომლითაც დასმულ შეკითხვაზე ყველაზე აკურატული პასუხის მიღება შეუძლია და მისი ნაპოვნი ტექსტები მცირე მოცულობისაა. მომხმარებლებს არ დასჭირდებათ, რომ ინფორმაცია თვითონ მოიძიონ, ვიდეო ნახონ და ამაში ბევრი დრო დახარჯონ. მნიშვნელოვანია, რომ Digital Mind-ს ჩვეულებრივად დასმული შეკითხვის აღქმა უფრო შეუძლია, ვიდრე ცალკეული საძიებო სიტყვებით. მაგალითად, შეგვიძლია, დავუსვათ ისეთი სპეციფიკური შეკითხვები, როგორიც არის “როგორ შევქმნათ ბიზნეს მოდელი, რა იქნებოდა ამისთვის ყველაზე კარგი გზა?” შეკითხვის დასმის შემდეგ იმ ინფორმაციას, რაც კონკრეტულ ვიდეოშია, მოიძიებს და დასმულ შეკითხვებზე რაც შეიძლება სწრაფად უპასუხებს. ამ პროგრამას ჩვენ მალე ისეთ რაღაცასაც ჩავაშენებთ, რომ მომხმარებელს ვიდეოს ატვირთვა თვითონ შეეძლოს, რასაც ჩვენი პროგრამა წამებში გაანალიზებს და საჭირო ინფორმაციას სწრაფად მიაწვდის”,- აღნიშნა გიორგი ჩახნაშვილმა.
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ანდრო რურუას განცხადებით, ამ ეტაპზე Digital Mind მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამაა, თუმცა მალე მუშაობა ქართული ვერსიის შექმნაზეც დაიწყება.
ხელოვნური ინტელექტის რესურსი განუსაზღვრელია მსოფლიოში. ის თანდათან ინტეგრირდება ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა, წარმოება, ტურიზმი, მენეჯმენტი, მარკეტინგი და ა.შ. განათლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური ტრენდია და ის მნიშვნელოვნად ეხმარება ქვეყნებს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებაში.
პროგრამის დახურული წარდგენა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩახნაშვილი ხელოვნური ინტელექტით ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში დაინტერესდა. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ კომპიუტერული მეცნიერებებისა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით საკუთარი ცოდნა გაიღრმავა, მათ შორის შესწავლილი აქვს ათამდე პროგრამული ენა, უმაღლესი მათემატიკა, კალკულუსი, ხაზოვანი ალგებრა, აბსტრაქტული ალგებრა, ხელოვნური ნეირონული ქსელები და ა.შ. დღეს ის ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, უკვე ამუშავებს რამდენიმე პროექტს, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმას, დიჯითალ ანალიტიკურ სისტემას, რომელიც ადამიანური რესურსის დახმარების გარეშე მოიძიებს ინფორმაციას, დაამუშავებს, მოახდენს შედარებას და გააკეთებს მონაცემთა სრულ ანალიზს. მუშაობს ასევე სამეცნიერო გამოცემაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოგრაფიის ალგორითმებს, აბსტრაქტულ/მათემატიკურ ენაზე აღწერს.