ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონა - რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს

საქართველო, თბილისი - 2025-06-06 11:12:00

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის დაპირისპირებას.

სიკორსკიმ შეახსენა მასკს, რომ პოლიტიკა ადვილი საქმე არ არის.

„ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონა“, – წერს სიკორსკი და აზიარებს მასკის 9 მარტის პოსტს, სადაც ამერიკელმა მილიარდერმა სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა.

მილიარდერი ბიზნესმენი მის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, პოლონეთი უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ დოლარს იხდის და თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, იძულებული გახდება, ახალი მიმწოდებლები მოიძიოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერთან ერთად მედიასთან საუბრისას თქვა, რომ იმედგაცრუებულია ილონ მასკით.

ილონ მასკმა, რომელმაც აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის ხელმძღვანელის პოსტი გასულ კვირას დატოვა, განაცხადა რომ მის გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, „როგორი უმადურობაა“, - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში.

მილიარდერი ბიზნესმენი თანამდებობის დატოვების შემდეგ თითქმის განუწყვეტლივ აკრიტიკებდა ტრამპის კანონპროექტს გადასახადების შემცირებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ. მასკმა 4 ივნისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კანონპროექტს "გულისამრევი საშნელებაც" უწოდა და დაამატა: "სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით". 

კანონპროექტი ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისთვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების გაზრდას, სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.