თავისუფლებაშეზღუდული პირების დასაქმების მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე მცირე საწარმოების გახსნას "ადამიანი, კანონი, თავისუფლების" აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე ეხმაურება
„ინიციატივა უდავოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული საფრთხეები და პასუხგაუცემელი კითხვები. მაგალითად, ვინ არის წარმოდგენილი საკონსულტაციო საბჭოში და რამდენად მაღალია მათი კომპეტენცია. ყველა ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი გვაქვს კომერციულ საქმიანობაზე, პრეტენდენტების წინადადებები ბიზნესში კომპეტენტურმა პირებმა უნდა განიხილონ", - აცხადებს ნიკოლოზ მაღალდაძე.
მისი თქმით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს განცხადებში არ არის დაკონკრეტებული ვინ აფასებს ბიზნეს პროექტებს.
„აღნიშნულ საკითხში არსებობს კორუფციული გარიგებებისა და საბჭოს მიერ მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების საფრთხე. სააგენტოს განცხადებიდან გაურკვეველია ვინ აფასებს ბიზნეს პროექტებს. ვვარაუდობთ რომ ინიციატივას ბევრი მსურველი გამოეხმაურება, ამიტომ შესაძლებელია კონკურსს გარეთ დარჩენილმა მონაწილეებმა, შედეგების გასაჩივრება მოითხოვონ. განცხადებაში ასევე არ არის მითითებული განიხილება თუ არა გასაჩივრება და ვინ მიიღებს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებებს", - აცხადებს ნიკოლოზ მაღალდაძე.