საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულის სახით დააკავა საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი. დავით ჩხატარაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2012 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა შეიტყვეს, რომ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარ შერჩეული რამოდენიმე პატიმრის დამცირება, წამება, ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, თითქოსდა სახელმწიფოს შესაბამისმა საგამოძიებო სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმართა ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები. სწორედ დავით ჩხატარაშვილის ორგანიზებითა და დახმარებით განხორციელდა ზემოაღწერილი სცენარი.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-გამოვლენის მიზნით.