თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით გურამ ფალავანდიშვილი და დავით ლორთქიფანიძე ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად. მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით 100-100 ლარის გადახდა დაეკისრათ.
სასამართლომ განიხილა საპატრულო პოლიცის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები, ქ. თბილისში ,,ხანუქას'' დღესასწაულზე პლაკატებისა და ბანერების დაზიანების გამო, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, რის გამოც ისინი დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციული წესით.
ღია სასამართლო სხდომაზე, ორივე მათგანმა აღიარა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც ასევე დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმებით.
საქმეში წარმოდგენილი მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის სხვა გარემოებათა შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გურამ ფალავანდიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და აღნიშნული პირები ცნო სამართალდამრღვევებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი გუშინ მოხდა რის გამოც სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი და დავით ლორთქიფანიძე დააკავეს.