ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან გამსახურდიას თქმით, მდინარე დურუჯზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ნამდვილად ჩასატარებელია, მაგრამ მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
„დურუჯი თუ გადმოვარდა საფრთხეს მარტო ყვარელს კი არა, ლაგოდეხის ნაწილსაც შეუქმნის. ნაპირსამაგრი სამუშაოები ნამდვილად ჩასატარებელია, მაგრამ მდგომარეობა საგანგაშო არ არის. აჟიოტაჟი არ უნდა ატყდეს. მთავრობის მიერ აღნიშნული საკითხი შესწავლილია და გამოყოფილია თანხები დამცავი კედლის გარკვეული მონაკვეთის აღსადგენად", - აღნიშნა ლევან გამსახურდიამ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე დურუჯზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ამ დროისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილი არ არის.
„მე დამირეკეს და მითხრეს, რომ დურუჯზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება გადაწყდა. თანხასაც გამოყოფენ", - განაცხადა ყვარლის გამგებელმა.
დურუჯის ხეობაში რომ ეკოლოგიური კატასტროფაა მოსალოდნელი, ამის შესახებ სპეციალისტებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ანზორ საკანდელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გაწმენდითი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩატარდა, ყვარელს ცოცხლად დამარხვის საფრთხე ემუქრება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსის ემილ წერეთელის განცხადებით, მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სასწრაფოდ არის შესასწავლი. „წინააღმდეგ შემთხვევაში, მდინარემ შესაძლოა, ყვარელი მთლიანად წალეკოს", - აღნიშნა ემილ წერეთელმა.