თბილისის საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ე.წ. სამხედროების წამებას საქმეზე გაამართლა. რაც შეეხება ახალაიასთან ბრალდებულ 8 პირიდან ორს გამამტყუნებელი განაჩენი დაუდგინა. კერძოდ, ალექსანდრე გორგაძე და ზურაბ შამათავა სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მათ სასამართლომ 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
რაც შეეხება საქმეში გამართლებულ დანარჩენ პირებს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს, გაგა მკურნალიძეს, მანუჩარ დარასელიას, მერაბ კიკაბიძეს და გიორგი კინწურაშვილს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, გამამართლებელი განაჩენი დაუდგინდათ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, როდესაც მას, პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება აღუკვეთეს. აღნიშნულ საქმეზე ახალაიასთან ერთად, ბრალდებული იყო კიდევ 7 პირი - გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტები ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი.