დღეს, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მეექვსე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, დამამძიმებელ გარემოებებში ნიკოლოზ მენთეშაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების გიორგი და ნიკოლოზ ბეჟაშვილების მიმართ.
ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ნაჭყებია თავმჯდომარეობს.
ღია სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ დაცვის და ბრალდების მხარეებს და ნაფიც მსაჯულებს მათი უფლება-მოვალეობები განუმარტა. მსაჯულებს მიეცათ განმარტება გამოსაყენებლი კანონის თაობაზე, ასევე განემარტათ, რომ საქმეზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე მათ ეკრძალებათ საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, საკუთარი აზრის დაფიქსირება და სასამართლო პროცესს მიღმა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. დღესვე, წილისყრის საფუძველზე შეირჩა უფროსი მსაჯული და ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.
დღევანდელ სხდომაზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ შესავალი სიტყვების წარმოდგენის შემდეგ, დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა და დაიკითხა ბრალდების ერთი მოწმე.
აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სხდომა 2013 წლის 3 დეკემბერს, 10 საათზე გაიმართება.