2 დეკემბერს 10:00 საათზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, დამამძიმებელ გარემოებებში ნიკოლოზ მენთეშაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაიმართება, ბრალდებულების, ძმები - ბეჟაშვილების მიმართ.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, გიორგი ბეჟაშვილს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ნიკოლოზ მენთეშაშვილის განზრახ მკვლელობა, ხოლო ნიკა ბეჟაშვილს ხულიგნობის ჩადენა, საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევითა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობით. კერძოდ, 2013 წლის 28 მაისს, სიღნაღის რაიონის სოფელ ხირსაში, გიორგი ბეჟაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, განიზრახა ნიკოლოზ მენთეშაშვილის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა თანნაქონი დანით ნიკოლოზ მენთეშაშვილს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. საქმის მასალების თანახმად, ნიკა ბეჟაშვილმა იმავე დღეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ.ხ-ს, რის გამოც გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, 12 ძირითადი და 3 სათადარიგო მსაჯული შეირჩა. მსაჯულები უშუალოდ ჩაერთვებიან სს საქმის არსებით განხილვაში და გამოიტანენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს მსაჯულთა ვინაობის გამხელა ეკრძალებათ.
სხდომა საჯაროა და მასზე დასწრების საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა. სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები