მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება. როგორც ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა.
მისივე განმარტებით, როგორც კი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა იქნება, ისეთი რომ შეძლებს დააკმაყოფილოს დაზარალებული მოსახლეობას მოთხოვნები მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნება.
,,ჩვენ კანონპროექტი მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გავიტანეთ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება, მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილადაა გასათვლელი ის შედეგები, რაც შესაძლოა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ, ვინაიდან თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული და მას უკვე გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა თავისთავად იდეა უარყოფილი არ ყოფილა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.