საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, მოქალაქეები მერაბ დუდაური და ნოდარ ჩიმახიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ მერაბ დუდაური და ნოდარ ჩიმახიძე ქალაქ გორის ტერიტორიაზე აღურიცხავი სპირტის სისტემატური რეალიზაციის გზით ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას კანონით გათვალისწინებული სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, რითაც მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.