23 ნოემბერს, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების რევოლუციის ათი წლის თავს აღნიშნავენ. ღონისძიებაზე, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, ფოტოგამოფენა, მხატვრების აქცია, ყვავილების გამოფენა და კონცერტია დაგეგმილი. ღონისძიების ორგანიზება "ფეისბუქში" ხდება.
2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ოპოზიციისა და ამომრჩევლის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო პარლამენტის შენობის წინ აქციები დაიწყო. აქციის ორგანიზატორები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" და "გაერთიანებული დემოკრატები".
ხელისუფლებამ არჩევნების შედეგების გადახედვაზე უარი თქვა. მომიტინგეების მოთხოვნები უფრო რადიკალური გახდა და ისინი მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდნენ.
2003 წლის 22 ნოემბერს, 16:00 საათზე, 2 ნოემბრის არჩევნების შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის სხდომა დაინიშნა. სხდომაზე ედუარდ შევარდნაძეც მივიდა. დაახლოებით 16:15 საათზე მომიტინგეები, რომელთაც წინ მიხეილ სააკაშვილი მიუძღოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. პირადმა დაცვამ შევარდნაძე საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გაიყვანა.
პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობების დაკავების შემდეგ, მომიტინგეები კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ დაიძრნენ. კვირას, 23 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები გააუქმა.
2004 წლის იანვარ-მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა, პარლამენტის თავმჯდომარე - ნინო ბურჯანაძე, პრემიერ-მინისტრი კი - ზურაბ ჟვანია.
მასალის გამოყენების პირობები