რესპოდენტის შესახებ
_ ბატონო ალექსი, უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების მზადება შეაჩერა. როგორც ფიქრობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე გავლენას მოახდენს?
_ უკრაინის გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან პირველ რიგში, ეს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნება, მეორე _ საქართველო ურყევად აგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მიმაჩნია, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, რომელიც ვილნიუსში მოხდება არის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დასაწყისში, რომელიც მომავალ წელს ხელმოწერით გაგრძელდება. პროცესების ამგვარი განვითარების მიუხედავად საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევადია და ჩვენი ქვეყანა ურყევად აგრძელებს ამ პროცესს.
_ ელოდით, რომ უკრაინა ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა?
_ უკრაინის გადაწყვეტილებას რაც შეეხება ჩვენი მეგობრების გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, ეს მათი სუვერენული უფლებაა. თუმცა, სამწუხაროა, ვილნიუსის სამიტზე უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა თუ არ მოხდება, რადგან ამისთვის მიმართული მართლაც დიდი ძალისხმევა იყო. რეალურად დიდი დიპლომატიური სამუშაო ჩატარდა იმისათვის რათა უკრაინასა და ევროკავშირს შორის ხელმოწერა გაფორმებულიყო. თუმცა უკრაინის გადაწყვეტილება პროცესის დასასრულს არ ნიშნავს, შესაძლებელია, მომავალშიც მოლაპარაკებები გაიმართოს და კომპრომისი გამოინახოს.
_ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირი საქართველოს უფრო მეტად დაეხმარება. შესაძლოა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დააჩქაროს. ელოდებით პროცესების ამ ჭრილში განვითარებას?
_ რეალურად მაქსიმალური ძალისხმევის მობილიზაციითაც კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მომავალი წლის ადრეულ შემოდგომამდე ვერ მოხდება. შესაბამისად შესაძლებელია ამ თარიღმა ოდნავ გადმოიწიოს, მაგრამ ამ ყველაფერს სერიოზული მუშაობა სჭირდება. ეს არის 28 ქვეყნის 24 ენაზე ასოცირების ხელშეკრულების თარგმნა, შემდეგ იურიდიულად მომზადება, რასაც დიდი დრო, ენერგია და მუშაობა სჭირდება.
_ როგორ ფიქრობთ, ვილნიუსის სამიტის შემდეგ რუსეთი საქართველოზე ზეწოლას უფრო გააძლიერებს და ამგვარი ფაქტის შემთხვევაში რამდენად მომზადებულია ხელისუფლება?
_ მოვლენების განვითარების ამგვარ სცენარსაც არ გამოვრიცხავთ. ამის ნიშნები სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ მკაფიო იყო. თუმცა მიგვაჩნია, რომ ვერაფერი ვერ შეაფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას. რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებასთან დაკავშირებით სერიოზული განცხადებები გაკეთდა ევროპის ლიდერებისა და ევროკავშირის მხრიდან. რუსეთის მხრიდან ანალოგური ქმედების შემთხვევაში ევროკავშირი მზად იქნება კონკრეტული ნაბიჯებით საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს, ეს მექანიზმები უკვე დამუშავების პროცესშია.
_ რამდენიმე დღეში ვინიუსის სამიტი გველოდება. ფიქრობთ, რომ საქართველო შეუფერხებლად მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას?
_ რეალურად აღნიშვნისთვის ვემზადებით, რადგან, ფაქტობრივად, ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდეს. ამ ეტაპზე ამ მიმართულებით არანაირი სიურპრიზი მოსალოდნელი არ არის.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი