რესპოდენტის შესახებ
-ბატონო გრიგოლ, ცხადია, რომ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უმძიმეს ზეწოლას განიცდის. მას შემდეგ, რაც გერმანის კანცლერმა მერკლემა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთს თავი შეკავებინა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვაზე ზეწოლისგან ვითარება უფრო გართულდა. თქვენ როგორ ხედავთ არსებულ მდგომარეობას და უკრაინის უარი იქნება თუ არა პუტინის გამარჯვება და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფიასკო?
- ცალსახად შემიძლია ვთქვა, უკრაინის მხარის გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაფორმების პროცესის შეწყვეტისა თუ შეჩერების შესახებ - არ ვიცი ამას ახლა რა ფორმულირებას მისცემენ - ეს არის ევროპის კავშირის სამეზობლო პოლიტიკის დამარცხება. ეს არის უკრაინული პოლიტიკური ელიტის მიერ თავისი შვილების, თავისი მომავალი თაობების ბედის ეჭვის ქვეშ დაყენება და რა თქმა უნდა - ეს არის რუსეთის გამარჯვება. იმიტომ, რომ რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია არა მარტო ნატოს, არამედ ევროპის კავშირის გაფართოება - არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე. რუსეთმა ამას მიაღწია.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს ორივე მხრიდან - როგორც უკრაინის, ასევე ევროპის კავშირის მხრიდან გამოვლენილი უკიდურესად მოუქნელი პოზიციის გამოვლინებაა.
- თუ ყველაფერი სწორად წავიდა - პარაფირებას და შემდგომ პროცედურებს ვგულისხმობ- შესაძლოა ჩვენც აღმოჩნდეთ ანალოგიურ ვითარებაში, რუსეთი რა თქმა უნდა მომავალ წელს უფრო ქმედითად მოიცლის ჩვენთვის...
- რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში წარმატებულად გადაწყვიტა თავისი საგარეო პოლიტიკური ამოცანები. გავიხსენოთ ის რომ უკრაინის დღევანდელი ადმინისტრაცის პირველსავე დღეებში გაცხადდა და მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ უკრაინა არასოდეს არ შეუერთდება არც ერთ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს - ორგანიზაციას. ამით რუსეთმა მოიხსნა ნატოს გაფართოების საფრთხე უკრაინის მიმართულებით. და ახლა, მას შემდეგ, რაც ორივე პარტნიორმა - ევროპის კავშირმა უპირველესად და უკრაინამ - უკიდურესი არამოქნილობა გამოიჩინეს და უკიდურესად შეწირეს თავისი ინტერესები წამიერ პოლიტიკურ მიზნებს - რუსეთმა მეორე საფრთხეც მოიხსნა. ანუ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის გაფართოება უკრაინის მიმართულებით. იმ ოჯახის, რომელსაც უკრაინა ეკუთვნის თავისი ისტორიით, კულტურით და გენეტიკურად.
ამის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე უკრაინას კი არა - საქართველოს ემუქრება. იმიტომ რომ, რუსეთმა, რომელმაც წარმატებულად გადაწყვიტა ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინასთან მიმართებაში - ნატოსა და ევროპის კავშირის გაფართოების შეჩერება - შემდეგი რა თქმა უნდა ვიქნებით ჩვენ. ვილნიუსის სამიტიდან იმ თეორიულ მომენტამდე, როდესაც საქართველომ და ევროპის კავშირმა ხელი უნდა მოაწერონ უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტებს - ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას - ჩვენ მთელი რიგი პოლიტიკური ინტრიგებისა და პროვოკაციების მსხვერპლი შეიძლება გავხდეთ.
და კიდევ მინდა ვთქვა - რამდენადაც უსიამოვნო არ უნდა იყოს ეს არამოქნილობა - ევროპის კავშირმა, რომელმაც ქალბატონი ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს მეშვეობით გავაფრთხილა, რომ შერჩევითი სამართალი ევროპის კავშირისთვის მიუღებელია. დღევანდელ ჩვენს პოლიტიკურ ხელისუფლებას, პოლიტიკურ ელიტას უნდა ესმოდეს, რომ ეს ლიტონი სიტყვები არ არის. როგორც უკრაინაში დააყენა ერთი ადამიანის ბედმა კითხვის ნიშნის ქვეშ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ორი ორგანიზაციის გაფართოება, ისევ შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის - კითხვის ნიშნის ქვეშ ამავე დოკუმენტის ხელმოწერის დაყენება.
- არსებობს ალბათობა იმისა, რომ ევროკავშირმა არსებული ვითარების გათვალისწინებით, გადადგას არაორდინალური ნაბიჯი და იმავე მოლდოვასთან და საქართველოსთან გააფორმოს ასოცირების ხელშეკრულება სწორედ ვილნიუსის სამიტზე და ამით ფაქტობრივად ალაგმოს რუსეთის მომავალი თავნებობა ამ ქვეყნების მიმართ?
- არა. მოდით კიდევ ერთხელ ავხსნათ - ევროპის კავშირს და ბრიუსელს პოზიცია დაფიქსირებული აქვთ - ეს ყველაფერი თქვენ გჭირდებათ უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ. თქვენ გჭირდებათ უფრო მეტად საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები, თქვენ გჭირდებათ უფრო მეტად დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, დაბალანსებული ხელისუფლება, ობიექტური სასამართლო და ეკონომიკური პერსპექტივა - ვიდრე ევროპის კავშირს. ეს ჩვენ მოგვაქვს ყველაფერი, მაგრამ მოგვაქვს იმ პირობით, რომ თქვენ ჩვენს ამ ღირებულებებს იზიარებთ. და რადგან იანუკოვიჩმა რაღაც არ გააკეთა, საქართველოს მეტი მივცეთ? - აბსოლუტურად გამორიცხულია ასე რომ მოხდეს.
- ამ ვითარებაში რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას?
- როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ვთხოვ მთავრობას გაითვალისწინოს ის, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ახლა. ღამდენიც არ უნდა იძახონ, რომ შესანიშნავად ვართო, ჩვენ ვიმყოფებით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. მომავალი წელი - დაწყებული ვილნიუსის სამიტიდან ნატოს სამიტამდე და თეორიული ხელმოწერის ვადამდე - იქნება ძალიან მძიმე საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ, ყოველი განცხადება, ყოველი მივლინება, ყოველი გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს სერიოზული განხილვის შესწავლისა და საერთაშორისო სამართლებრივი ანალიზით გადადგმული.
ადამიანს, რომელიც შედის „ქართული ოცნების" ფრაქციაში, მან უნდა იცოდეს, რომ ავტომატურად არ აქვს უფლება კომენტარები და განცხადებები აკეთოს საგარეო პოლიტიკაზე, სანამ ეს არ იქნება შეთანხმებული პროფესიონალებთან. სხვაგვარად ჩვენ მივალთ კიდევ უფრო სავალალო შედეგამდე.
„ჯი-ეიჩ-ენი", გოჩა მირცხულავა