მთავარი პროკურატურა ივანე მერაბიშვილის დაცვის მხარეს პასუხობს "ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე, დაცვის მხარის მიერ კანონის არსებითი დარღვევით სასამართლოსათვის წარდგენილ დენსუსის ჯგუფის ანგარიშთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე განმარტავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ დოკუმენტი დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც შექმნა იგი.
ივანე მერაბიშვილის დაცვის მხარემ, უგულვებელყო ზემოაღნიშნული მოთხოვნა და კანონის არსებითი დარღვევით წარადგინა სასამართლოში დენსუსის ჯგუფის ანგარიში. კერძოდ, მათ მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაში არ შეიყვანეს ანგარიშის შემდგენელი, რაც მხარეებს მისცემდა საშუალებას მიეღოთ განმარტებები დასკვნასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა კანონის არსებითი დარღვევით წარმოდგენილი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე. ამავდროულად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის განცხადება, თითქოსდა, დენსუსის ჯგუფის ანგარიში გამამართლებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ივანე მერაბიშვილისათვის წარდგენილ ბრალდებას, ხოლო დაცვის მხარის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.