ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრს ნოდიკ კვიწინიას რუსი ბიზნესმენისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობაში ბრალი წაეყენა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, თავად ე.წ. დეპუტატი ბრალს არ აღიარებს.
კვიწინიას დაკითხვა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მან სადეპუტატო იმუნიტეტი 12 ნოემბერს მოიხსნა. დღესვე ჩხრეკა ჩატარდა კვიწინიას საცხოვრებელ სახლში.
შეგახსენებთ, რომ რუსი ბიზნესმენი სერგეი კლემანტოვიჩი და მისი მეგობარი ქალი ოქსანა სკარედნოვა ერთი წლის წინ გაუჩინარდნენ. მათი ცხედრები, რამდენიმე ხნის წინ ერთ ერთი მიტოვებული სახლის ჭაში იპოვნეს. წინასწარი ინფორმაციით, კლემანტოვიჩს კვიწინიასათვის ვალი უნდა დაებრუნებინა.