შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 15-19 ნოემბერს, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთიდან, 467 ტონა კარტოფილით დატვირთული 17 მანქანა შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, პირველადი შეფასებით, ტვირთში კარტოფილის საკარანტინო მიკროორგანიზმის Ralstonia solanacearum - მურა სიდამპლის არსებობაზე მიუთითეს.
საკარანტინო ობიექტის იდენტიფიკაციისა და დადასტურების მიზნით, ნიმუშები სპეციალურ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიულმა კვლევამ კარტოფილის 13 ნიმუშში (467ტონა) საკარანტინო მიკროორგანიზმი Ralstonia solanacearum - კარტოფილის მურა სიდამპლე დაადასტურა.
საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.
შემოსავლების სამსახური აუცილებლად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს მიერ, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სომხეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილი 3620 ტონა კარტოფილის მიმართ განხორციელებული ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებისას, 1125 ტონა კარტოფილში ლაბორატორიულად დადასტურდა ,,კარტოფილის მურა სიდამპლე (ვილტი)".
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაავადებული კარტოფილი გაბრუნებულია ექსპორტიორ ქვეყანაში. ყველა კონკრეტული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც, ფიტოსანიტარი¬უ¬ლი ზომების საერთაშორისო სტანდარტ №13-ის (,,სახელმძღვა¬ნე¬ლო შე¬უსა¬ბამობისა და გადაუდებელი ქმედებების ნოტიფიკა¬ციი¬სა¬თვის") თანახმად, საქართველოს ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დარღვევის შესახებ უნდა ეცნობებინა სომხეთის მხარისთვის.
ამ ხნის განმავლობაში სომხეთის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის მიერ ამგვარი ფაქტები არ არის აღმოფხვრილი და საქართველოში დაავადებული კარტოფილის ექსპორტი კვლავ გრძელდება, რასაც ადასტურებს 15-19 ნოემბერს მომხდარი ფაქტიც.
იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოვიდეს მცენარეთა დაავადების გამომწვევი აგენტები, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხორციელდება შემდეგი პროცედურები:
დოკუმენტური შემოწმება (დოკუმენტური შემოწმების მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია: ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი; იმპორტის ნებართვა და წინასწარი შეტყობინება ფორმა N3); იდენტურობის შემოწმება, რომელიც მოიცავს ტვირთსა და თანმხლებ დოკუმენტებს შორის ურთიერთმონაცემების დადგენას; მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი - ლუპის, მიკროსკოპის ან ბინოკულარის მეშვეობით, რათა დადგინდეს მცენარის ან მისი პროდუქტის კეთილსაიმედოობა; ნიმუშების აღება - ადგილზე ან ლაბორატორიული შემოწმებისათვის.
კარტოფილის მიმართ ზემოაღნიშნული პროცედურები ხორციელდება საქონლის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, რომელიც ნიმუშის აღებას და მის დალუქვას ადასტურებს შესაბამის აქტზე ხელმოწერით. შემდგომ ამისა, ,,ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღებისა და გაგზავნის ფორმის" საფუძველზე, ნიმუში სათანადო კვლევისათვის ეგზავნება ლაბორატორიას. აღნიშნულ ნიმუშს ფიტოსანიტარი შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს ,,საქართველოს ფოსტის" ფელდეგერს, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო პირობების დაცვით ნიმუშის დაუყონებლივ ტრანსპორტირებას ლაბორატორიაში. ნიმუშს ენიჭება ნომერი და ლაბორატორია მხოლოდ ამ ნომერს მოიხსენიებს დასკვნაში, მისთვის უცნობია იმპორტიორის მონაცემები"- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლაბორატორიული გამოცდის ოქმის საფუძველზე ფიტოსანიტარი სპეციალისტი საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობებს ,,ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტის" გადაცემით, რასაც იმპორტიორი ადასტურებს ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს მოითხოვოს რეფერენტული ნიმუშის აღება და მისი გადამოწმება სხვა აკრედიტებულ ლაბორატორიაში.