ENG / RUS       12+

ვახტანგ ყოლბაია: ჩემი დღევანდელი სტატუსი დაბრკოლებას არ მიქმნის მთავრობის თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებაში

რესპოდენტის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიმდინარე რეორგანიზაციის დეტალებზე, სტრუქტურის ახალი ხელმძღვანელობის მიერ განხორიელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩატეხილი ხიდის აღდგენის და ურთიერთობის დათბობის პერსპექტივებზე "ჯი-ეიჩ-ენი" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას ესაუბრა.

- ცოტა ხნის წინ აფხაზეთის მთავრობაში გარკვეული რეგორგანიზაცია ჩატარდა. რა მოიცვა ამ პროცესმა და რამდენად უმტკივნეულოდ მოხდა რიგ სტრუქტურათა შერწყმა თუ ლიკვიდაცია?

- გაერთიანდა ორი სამინისტრო - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და იქ შეიქმნება ერთი სამინისტრო. ასევე, შეიკვეცა ზემო აფხაზეთის საკითხებში მინისტრის აპარატი, ასევე სერიოზულ რეორგანიზაციას აპირებს რიგი სამინისტროებისა. ახლა კონკრეტულად არ მინდა საუბარი რომელ სამინისტროებს შეეხება რეორგანიზაციის მორიგი ეტაპი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ ეს აუცილებლად იქნება და ვაპირებთ უახლოეს პერიოდში. ამას აქვს გარკვეული იურიდიული პროცედურები, კანონით დადგენილი ვადები და უკანონოდ არაფრის გაკეთებას არ მოვახდენთ. შემცირებები და ოპტიმიზაცია არ ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი რაოდენობის ხალხს შევეხებით. ჩვენ ვცდილობთ ადამიანებს დავეხმაროთ თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ და ამისთვის ვეძებთ ახალ სამუშაო ადგილებს, ეს გამოგვდის და ამაზე მუშაობას და ფიქრს მომავალშიც გავაგრძელებთ. მაგალითად, დავდეთ ხელშეკრულება ერთ-ერთ ბანკთანაც, რომელიც წლის განმავლობაში 50 სამუშაო ადგილის გამონახვას გვპირდება, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც ვცდილობთ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები.

- როდესაც თქვენ ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინეთ, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრმა დიმა ჯაიანმა განაცხადა, რომ იგეგმება მისდამი დაქვემდებარებული უწყების ორ სამინისტროდ გაყოფა და ცალკე აფხაზეთის განათლების სამინისტროს ფუნქციონირება და ცალკე აფხაზეთის კულტურის სამინისტროს ფუნქციონირება. რეალურად გეგმავთ თუ არა მსგავსი ცვლილების განხორციელებას იმ ფონზე, როდესაც საუბარია მასშტაბურ რეორგანიზაციაზე და აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაზე?

- იყო ასეთი მოსაზრება, მეც მოვისმინე ბატონი დიმას განცხადება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის იოლი თემა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ რეორგანიზაციას ვაკეთებთ. არ გვინდა ისეთნაირად წარმოვჩინდეთ, რომ სადღაც რაღაცას ვამცირებთ და სადღაც რაღაცას გაყოფის შედეგად მეტად გავხდით. ეს საკითხი არ არის ჩემთვის უცხო, მაგრამ ამის თაობაზე რაიმე რეალური გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი არ არის.

- ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური საკითხია დევნილი მოსახლეობის წარმომადგენელთა ჯგუფების მიერ სხვადასხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციები, მათი ძირითადი მოთხოვნაა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დაშლა და ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანო სრულიად უუნარო სახელმწიფო ორგანოა, რომლის მუშაობაც ფორმალური და დევნილი მოსახლეობისთვის სრულიად უსარგებლოა. როგორ უპასუხებთ საზოგადოების ნაწილის ამ ბრალდებებს?

- მე შევხვდი დევნილთა წარმომადგენლებს, ვინც ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ვიყავი ზუგდიდში, რამდენიმეჯერ შეხვედრა მქონდა თბილისშიც, უმაღლესი საბჭოს შენობის ფოიეში მსხდომ ხალხთან. რა თქმა უნდა, თემა მტკივნეულია, ახალი არ არის და არის გარკვეული გაუგებრობა ამ სტრუქტურასთან დაკავშირებით. ბევრს რა თქმა უნდა არ სიამოვნებს, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 1990 წელს არის არჩეული, დღემდე მოღვაწეობს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური საკითხი და როდესაც მე ამ პროტესის გამომხატველ მოსახლეობასთან ვასუბრობდი, ვეუბნებოდი ამ საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ. ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩემს ნათქვამს, რომ რაღაცა შესაცვლელია, რომ ბევრ ადამიანს უნდა მიეცეს აქტიური მოქმედების საშუალება, რომ მათი შესძლებლობების გამოყენება და მაქსიმალურად რეალიზება იყოს შესაძლებელი რაღაც ფორმით, ამ ყველაფერს წყალი არ გაუვა. ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ, მათ მოთხოვნებს დავეთანხმე და კონკრეტული წინადადებებიც მოვისმინე თუ როგორ შეიძლება ვიმუშაოთ ჩვენ ერთობლივად - აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის წარმომადგენლებმა და ჩვენი დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებმა, რომ შედეგიანი იყოს მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციების გავლის შედეგად და მათი პოზიციების გათვალისწინებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ და ამ მიმართულებით მუშაობაბს დავიწყებთ.

- წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის დაშლა და დეპუტატების ხელახლა არჩევა, და რამდენად რეალურია მსგავსი რამის განხორციელება?

- მე საკითხის სიღრმეში არ მინდა შევიდე. აქ არის პოლიტიკური მომენტებიც, არის სამართლებრივი მომენტებიც და არის სუფთა ტექნიკური საკითხებიც. სამივე მათგანი იყრის თავს და არ მინდა ვინმესათვის გამაღიზიანებელი ფაქტორი იყოს, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის. ქვეყნისათვის როგორ იქნება უკეთესი პოლიტიკურად, ასე ჩამოყალიბდეს უნდა ეს ხედვები და ამას არავინ უარყოფს. საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომები, რომლებიც ქვეუყანას წაადგება სამომავლოდ კონფლიქტის მოგვარების პროცესში და მეორე საკითხია როგორ შეიძლება დევნილთა წარმომადგენლების შესაძლებლობების გამოყენება იმ საერთო პოლიტიკურ ფონზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, აქ შეიძლება დაისვას საკითხი როგორ შეიძლება, რომ ჩვენი წარმოდადგენლობა შეიძლება იყოს წამროდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვადასხვა შტოებში. სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში და ასე შემდეგ. არის საკითხთა დიდი წრე, რომელიც ჩვენი დევნილი საზოგადოების აქტიურ ცხოვრებაში შეყვანას გულისხმობს და მეორე საკითხია, რამდენადაა პოლიტიკურად მიზანშეწონილი ესათუის გადაწყვეტილება.

- რაც შეეხება თქვენს სტატუსს, რამდენიმე თვეა მუშაობთ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე, თუმცა თანამდებობაზე ოფიციალურად ამ დრომდე არ დანიშნულხართ. თუ ფლობთ ინფორმაცია, როდის იგეგმება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცება და რამდენად დასაშვებია მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე თქვენი მუშაობა განუსაზღვრელი ვადით?

- სიმართლე გითხრათ, არ ამ საკითხით არ დავინტერესებულვარ. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩემი დღევანდელი სტატუსი მე პრაქტკულად დაბრკოლებას არ მიქმნის ფუნქციების შესრულებაში. მე ყველა უფლება მომანიჭა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ. ამიტომ ჩემთვის ეს დიდი მნიშვნელობის საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, უფრო კარგი იქნებოდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომ ვიყო დანიშნული ხელისუფლების რომელიმე შტოსთან შეთანხმებით, მაგრამ რეალობა ასეტია. ალბათ საჭიროა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროცესები დალაგდეს და ამის შემდეგ თვითონ ხელისუფლება გადაწყვეტს ამ საკითხს.

- რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მიიღეთ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში. ძირითადად რა საკითხები განიხილეთ, როგორია თქვენი განწყობა, იყო თუ არა პოზიტიური მესიჯები გაჟღერებული თქვენი თანამოსაუბრეების მხრიდან და ზოგადად როგორ შეფასებას მისცემდით ამ ბოლო შეხვედრას?

- ჩემი შთაბეჭდილება ისაა, რომ ოპონენტებს შორის არის განცხდა, რომ ამ ფორმატში შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდეს მსჯელობა ამ დრომდე მოუგვარებელ საკითხებზე. კონკრეტული გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რომ პრევენციის მექანიზმებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ამუშავების ნება გამოხატეს თანამოსაუბრეებმა. ასევე, ძალიან რთულად, მაგრამ შესაძლოა ჩვენ შევძლოთ დევნილთა პრობლემებზე საუბრის წამოწყება. ეს იყო ძირითადი საკითხები. მე არ ვარ ძალიან სტაჟიანი მონაწილე ჟენევის მოლაპარაკებებისა, მეორედ ვმონაწილეობდი, მაგრამ პირველთან შედარებით გაუმჯობესებულად მეჩვენა განწყობა. ასევე, იყო ნათქვამი, რომ ერთმანეთის პრობლემების გვესმის, მაგრამ სხვადასხვანაირად ვხედავთ მათი გადაწყვეტის გზებს.

- როგორ გესახებათ აფხაზებთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობა და რამდენად რეალურად მიიჩნევთ ახლო პერსპექტივაში? თქვენ ასევე არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ამ მიმართულებით ყველაზე მძლავრი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა სახალხო დიპლომატიის საშუალებით იქნება შესძლებელი. გაქვთ თუ არა დასახული კონკრეტული გეგმა აფხაზ ხალხთან ჩატეხილი ხიდის აღსადგენად?

- ძალიან კარგი შეკითხვაა. სახალხო დიპლომატიამ ოფიციალურ სტრუქტურებს ხელი უნდა შეუწყოს საკითხის ჩიხიდან გამოყვანაში. ეს რთულია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი და ვიყავი მომხრე, რომ სახალხო დიპლომატია უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამას რაღაც ფაქტორები უშლიდა ხელს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სახალხო დიპლომატია ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

- ნებისმიერი დევნილისთვის საინტერესო და აქტუალური საკითხია, რა პროგრამებს ახორციელებს და გეგმავს აფხაზეთის მთავრობა ამ ეტაქპზე. ფიქრობთ თუ არა ისეთი ტიპის პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები დევნილისთვის ხელმისაწვდომი იქნება?

- საკმაოდ დატვირთული პერიოდი გვაქვს. ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება საადვოკატო ფირმასთან, რომელმაც თავის თავზე აიღო დევნილთა საადვოკატო მომსახურება ყოველგვარი ფინანსების გარეშე და ეს ფირმა ყველა მიმართულებით გაუწევს დახმარებას და რეკომენდაციას ნებიმიერ დევნილს სრულიად უსასყიდლოდ. ასევე, შევხვდით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმოდმადგენლებს, სადაც გაფორმდა მემომრანდუმი იმის შესახებ, რომ კურსდამთავრებულებს და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს,რომლებიც დევნილები არიან, მივცემთ შესაძლებლობას სტაჟირება გაიარონ ჩვენს სტრუქტურებში და გაეცნონ სახელმწიფო უწყების საქმინობის სპეციფიკას. ჩვენ ასევე გავაფორმეთ მემორნადუმი ერთ-ერთ ძლიერ ბანკთან და მივიღეთ გარანტია, რომ ეს ბანკი ყოველწლიურად სამსახურში მიიღებს 50 კურსდამთავრებულ დევნილს და 300-მდე დევნილს შესაძლებლობას მისცემს მათთან სტაჟირების გავლისა. ჩენ დავგეგმეთ შეხვედრები საქაღთველოს მთავრობის წევრებთანაც, დევნილთა მინისტრ დავით დარახველიძესთან, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან და რეგიონული განვითარების მინისტრ დავით ნარმანიასთან. ამის შედეგი კი ისაა, რომ ფედერალურ სამსახურებთან და სამინისტროებთან უკვე თანამშრომლობენ ჩვენი, აფხაზეთის სტრუქტურების წარმომადგენ;ლები და ჩართულები არიან კონკრეტული პროექტების შემუშავებაში, დაევალათ დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარებასა თუ მათი ყოველდღირი ყოფის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული კონკრეტული პროექტების პრეზენტაცია და ასე შემდეგ. საკმაოდ ამბიციური პროექტები აქვთ ჩვენს ახალგაზრდა მინისტრებს, საკმაოდ განათლებული ხალხი არიან და მათი პროფესიონალიზმი რომ დაინახეს ფედერალურმა მინისტრებმა, იმიტომ მიიწვიეს ისინი თავიანთ კომისიებში სამუშაოდ და სწორედ ამიტომ დამყარდა სამუშაო რეჟიმი. ამიტომ, ეს ამბიციები ჩვენ გვაქვს და ამ ამბიციებს ბოლომდე მივიყვანთ, რადგან საქართველოს დევნილ მოსალხეობას მივცეთ საშუალება უფრო კტრიტიკულად შეგვაფასონ, მეტი მოგვთხოვონ აფხაზეთის მთავრობას და ამით მათთან უფრო ახლოს ყოფნის მოტივაცია მოგვეცემა.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა გიორგი ხუხია

ავტორი: . .