აჭარაში წარმოებული თაფლი ,,მაჭახელას დათუნია'' ,,სმარტის'' ქსელში უკვე იყიდება. შეთანხმება ,,გაყიდვების მართვის კომპანიას'' და ,,სმარტს'' შორის ოქტომბერში გაფორმდა და შესაბამისად თბილისის 5 ობიექტში 4 სახეობის - აკაციის, წაბლის, ცაცხვის და მაისის თაფლი იყიდება.
თაფლი ,,მაჭახელას დათუნიას'' ბრენდით აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში ‘'მილენიუმის'' პროგრამის მიერ დაფინანსებული საწარმოს მიერ იწარმოება. ნედლეულს კომპანია მაჭახელას ხეობაში, ფერმერებისგან ყიდულობს. ‘'ხეობაში წარმოებული თაფლი უნიკალური სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა'' - აცხადებენ კომპანიაში. ,,სმარტის'' გარდა ამ დროსათვის პროდუქცია ,,გუდვილის'', ,,ნიკორას'', ,,ფრესკოს'' და ,,ბიგ ბენის'' ქსელში იყიდება.
"სმარტის" პირველი სუპერმარკეტი 2010 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. ამჟამად საქართველოში "სმარტის" 12 სუპერმარკეტი ფუნქციონირებს, მათ შორის 5 თბილისში, გორში, ბათუმში, მარნეულში, ყვარელში, ახალციხეში, ზუგდიდში და გუდაურში.