Startup Weekend - ეს არის მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ღონისძიება, რომელზეც IT დეველოპერები, დიზაინერები, პროდუქტ მენეჯერები და დამწყები ენთუზიასტები წარმოადგენენ საკუთარ ბიზნეს იდეებს, ქმნიან გუნდს, ისმენენ რჩევებს გამოცდილი მენეჯერებისგან და იღებენ შანსს დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
გლობალური პროექტის ფარგლებში უკვე დაარსდა 4300-მდე ახალი ბიზნესი. ჩატარდა 400-ზე მეტი ღონისძიება, რომლებზე დამსწრეთა რაოდენობამაც 40 000-ს გადააჭარბა. Startup Weekend უკვე 200-ზე მეტ ქალაქში გაიმართა მთელს მსოფლიოში.
ლიბერთი ბანკის, Smartex ჯგუფისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აღნიშნული ქალაქების რიგს თბილისი პირველად უერთდება. Startup Weekend Tbilisi 2013 წლის 15, 16 და 17 ნოემბერს გაიმართება.
ღონისძიება სამდღიანია:
• პარასკევს, 15 ნოემბერს, 19:00 საათიდან გაიმართება გუნდებისა და მოწვეული სტუმრების მიღება Liberty Tower-ში (ჭავჭავაძის გამზ. 74). მოხდება მონაწილე გუნდების იდეების მოკლე წარდგენა.
• შაბათს, 16 ნოემბერს, დილის 9 საათიდან გუნდები შეიკრიბებიან თავისუფალ უნივერსიტეტში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი), სადაც დაიწყებენ პროექტებზე მუშაობას. ყველა მათგანს ეყოლება გამოცდილი მწვრთნელი (მენტორი), რომელიც დაეხმარება მუშაობის პროცესის სწორად წარმართვასა და დროის გადანაწილებაში.
• კვირას, 17 ნოემბერს, 14:00 საათიდან დაიწყება საბოლოო შერჩევა და ფინალურ ეტაპზე გავა 9 გუნდი. 16:00 საათიდან შერჩეული გუნდები ჟიურის წევრებს წარუდგენენ მათ ბიზნეს პროექტებს. ჟიურის წევრები არიან: ლადო გურგენიძე (Smartex-ის მთავარი აქციონერი), სანდრო რთველაძე (ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე), თეა ჯოხაძე (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ფინანსური დირექტორი), ქეთევან ბოჭორიშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე), რუსლან ხოროშვილი (Ernst & Young-ის მმართველი პარტნიორი საქართველოში) და გიორგი ახალაია (USAID, Economic Prosperity Initiative).
პროექტის მსვლელობისას გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი, რომლის თითოეული წევრიც მიიღებს საჩუქარს. აგრეთვე გაიმართება ონლაინ კონკურსიც, რომლის შედეგადაც გამოვლინდება მაყურებელთა სიმპათია.
ლიბერთი ბანკი და Smartex ჯგუფი აქტიურად უჭერენ მხარს ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებაში. იმის მიუხედავად, რომ პროექტის საერთაშორისო ფორმატი არ გულისხმობს საუკეთესო პროექტებში აუცილებელ ინვესტირებას, Smartex-ის ინიციატივით, ღონისძიების ფარგლებში სავარაუდოდ მოხდება საუკეთესო Startup იდეების დაფინანსება.
Startup Weekend Tbilisi უზრუნველყოფს ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებას IT სფეროში არსებული იდეებისა და პროექტების შესახებ, ეს კი მთელს რეგიონს დაეხმარება IT Startup ეკოსისტემისა და ელექტრონული კომერციის ჩამოყალიბებასა და მის სწაფ განვითარებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში Smartex-ი საქართველოში პირველად ახორციელებს ე.წ. Crowdfunding-ის ექსპერიმენტს. Startup Weekend-ის ნებისმიერ სტუმარს ექნება შესაძლებლობა, თავად გახდეს ინვესტორი. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://bit.ly/1bp0sfc