ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: ქართული პოლიტიკისთვის სააკაშვილი მიუღებელი ფიგურაა

რესპოდენტის შესახებ

საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიან მმართველობაზე, მთავარ პოზიტიურ და ნეგატიურ გადაწყვეტილებზე ,,ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ცხრაწლიან ეპოპეაში ნეგატივი უფრო ბევრია, ვიდრე დადებითი ასპექტები.

_ ბატონო რამაზ, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის მანდატი რამდენიმე საათში ეწურება. რას ფიქრობთ, მის და მისი გუნდის ცხრაწლიან მმართველობაზე?

_ ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობა დადებით ასპექტებსაც შეიცავს როგორიცაა წესრიგის გაძლიერება, რასაც თავის მხრივ კრიმინალის შემცირება მოჰყვა, გაიზარდა ბიუჯეტი. კონკრეტული ნაბიჯებიდან პოზიტიურად შეფასების ღირსია ეროვნული გამოცდების შემოღება და პოლიციაში პატრულის შემოყვანა. თუმცა მისი მმართველობის პერიოდში უარყოფითი გაცილებით მეტი იყო.

_ მიხეილ სააკაშვილის პოზიტიურ ასპექტებზე გარკვეულწილად უკვე ისაუბრეთ, თუმცა რას ფიქრობთ, რა არის ცხრაწლიანი მმართველობის პირობებში მისი მთავარი მიღწევა?

_ ჩემი აზრით, ეს ბიუჯეტის გაზრდა იყო.

_ რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს, რა მიგაჩნიათ სააკაშვილის ყველაზე არასასურველ გადაწყვეტილებად?

_ ეს არის ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა, ბიზნესის ხელყოფა, ქვეყნის ომში ჩაბმა, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, მედიაზე ზეწოლა.

_ გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უარყოფითი ასპექტები უფრო ჭარბობს, ვიდრე პოზიტივი?

_ ისეთი ფაქტები ჩამოვთვალე, რომელიც ცნობილია და კამათს არ იწვევს, თუმცა თუ უფრო სიღრმისეულ ასპეტქტებში შევალთ, პრაქტიკულად, ყველა სფეროში ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებდნენ, რამაც ყველა მიმართულების დეგრადაცია გამოიწვია.

_ სააკაშვილის მმართველობის დროს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ წარმატებას მიაღწია თუ უკან დაიხია?

_ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში საქართველომ ევროამერიკული მიმართულებით უკეთესი იმიჯი შეიქმნა, ვიდრე ედუარდ შევარდნაძის დროს. ამ პროცესებისთვის თავად დასავლეთიც მზად იყო და თავად მან შეუწყო ხელი კონტაქტების განვითარებას. თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე კრიტიკული ხაზიც არსებობს, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას უკავშირდება, სადაც სააკაშვილმა რბილად რომ ვთქვათ საკმაოდ დიდი მარცხი განიცადა.

_ როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილი მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე აქტიურ პოლიტიკაში უნდა დარჩეს?

_ რომელ პოლიტიკაში უნდა დარჩეს, ქართული პოლიტიკისთვის ის მიუღებელი ფიგურაა და მასზე როგორც კრიმინალზე ისე მსჯელობენ. პოლიტიკოსი, რომელსაც კრიმინალის იმიჯი აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც წესი, ვერ ძლებს. დასავლეთის რომელიმე ქვეყანაშიც მეეჭვება, რომ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობა შესთავაზონ, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ მის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება გაჩნდა, ადამიანს რომელსაც შეუძლია დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგას.

_ მიხეილ სააკაშვილს არც ქართულ და არც საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებაში შანსი არ აქვს?

_ ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ. თუმცა ქართველებს შეცდომების დავიწყება სჩვევიათ, ამიტომ არ გამოვრიცხავ, გარკვეული პერიოდის შემდეგ სააკაშვილის შეცდომები დაივიწყონ, მათთვის უფრო აქტუალური გახდეს იმ დროინდელი ხელისუფლების შეცდომები, ამ დროს დაიძახებს სააკაშვილი მოვდივარო და შეიძლება მოსახლეობამაც მისი შეძახილი აიტაცოს.

_ როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილი 17 ნოემბერს დაგეგმილ ინაუგურაციაზე უნდა მივიდეს?

_ რა თქმა უნდა, უნდა მივიდეს, მაშინ გამოვა, რომ მთელი მისი ლაპარაკი კოჰაბიტაციაზე სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

 

ავტორი: . .