ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექორი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებულები სასამართლომ ყველა ბრალდებაში გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გვარამია ავრცელებს.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა დამენიას, ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის, კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორის დევი კანდელაკის, შპს "ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელის გიორგი ნემსიწვერიძისა და იზაბელა გუტიძის საქმეზე სასამართლო სხდომები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას, ხეთაგურს, კანდელაკს და დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-30 ათასლარიანი გირაო, გუტიძესა და ნემსიწვერიძეს კი 15-15 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
გვარამიას ბრალი ედებოდა სსკ 338-ე მუხლით, რაც ქრთამის აღებას ნიშნავს, სსკ 194-ე მუხლით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს, სსკ 210-ე მუხლით - ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება-გასაღება ან გამოყენება, სსკ 362-ე მუხლით - ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება და სსკ 193-ე მუხლით - ცრუ მეწარმეობა.
რაც შეეხება ხეთაგურს, მას ბრალი ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.
კახა დამენიას ბრალი 25-338-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც ქრთამის აღებაში დახმარებას ნიშნავს, ასევე სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმით ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთით ისჯება. ასევე სსკ 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 6 წლამდე აღკვეთით ისჯება და ბოლოს, სსკ 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ნიშნავს.
რაც შეეხება იზაბელა გუტიძეს, მას ბრალი სსკ 3 მუხლით წაუყენეს, კერძოდ, სსკ 210 მუხლის მე-2 ნაწილი, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება-გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმით ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთით ისჯება. ასევე 362-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 6 წლამდე აღკვეთით ისჯება და ბოლოს, სსკ 375-ე მუხლი, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.