ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ სოფლის რეაბილიტაციის პროგრამაში თანხები ეკლესიის რეაბილიტაციისთვისაც იყოს გათვალისწინებული. ამის შესახებ განცხადება გიორგი ახვლედიანმა დღეს სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო დღეებში მისი პოლიტიკური მოძრაობა იმყოფებოდა ლეჩხუმსა და ცაგერში. ლეჩხუმის სოფელ ორბელის მოსახლეობამ მათთან შეხვედრისას გამოთქვა სურვილი, სოფლისთვის გამოყოფილი თანხები ეკლესიის მშენებლობას მოხმარდეს.
ახვლედიანი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მსგავსი სურვილი ძალან ბევრ სოფელში ფიქსირდება. ამიტომ იგი ხელისუფლებას სთხოვს, რომ სოფლის განვითარების პროგრამას, სადაც გაწერილია საკითხები, თუ რას უნდა მოხმარდეს ეს თანხა, ჩაემატოს ეკლესიის რეაბილიტაციის დაფინანსების მუხლიც.
"თუკი სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია ეკლესიის რეაბილიტაცია, უნდა მოხდეს ეკლესიის რეაბილიტაცია და არ ვუთხრათ მათ, რომ ეს თანხა სხვა რაღაცისთვის არის საჭირო", - განაცხადა ახვლედიანმა.
იგი აქცენტს აკეთებს იმაზედაც, რომ სოფლის განვითარების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა უნდა იხარჯებოდეს კონკრეტული სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით და არა ისე, რომ ამ გადაწყვეტილებას ცენტრალური ხელისუფლება იღებდეს.
ქრისტიან-დემოკრატებს მხარს ედპ-ის წარმომადგენელი გურამ ჩახვაზეც უჭერს.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხიელ მაჭავარიანმა განაცხადა, ეკლესიის რეაბილიტაცია სხვა დაფინანსებით უნდა მოხდეს. სოფლის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა კი უშუალოდ სოფლამდე მისასვლელი გზის გაკეთებასა და ინფრასტრუქტურის შექმნას უნდა მოხმარდეს.
რაც შეეხება ეკლესიების რეაბილიტაციის საკითხს მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამისათვის თანხები გათვალისწინებული აქვს კულტურის სამინისტროს, რომელიც ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციას ახორციელებს და აღნიშნული პრობლემის მოგვარება ნიკოლოზ რურუას უნდა სთხოვონ.