მთავარი პროკურატურა ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას მიმართ ციხის ბუნტის საქმეზე გამოტანილ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. მთავარი პრკურატურის ინფორმაციით, ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას გამართლება მეორე ეპიზოდში უკანონო და დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს, რის გამოც პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენს გაასაჩივრებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში და მოითხოვს ბაჩანა ახალაიასა და მეგის ქარდავას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითაც.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა განხილვა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და ბრალდებულები: ბაჩანა ახალაია, რევაზ ჭარბაძე, დავით ჭაკუა და მეგის ქარდავა დამნაშავეებად სცნო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ჩადენაში (სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტები), ხოლო ამავე ეპიზოდში, დანაშაულთა ერთობლიობით წარდგენილი ბრალდება, მათ მიერვე სამსახურებრივი უფლებამოსილების დამამძიმებელ გარემოებებში გადამეტებისათვის (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტები) მოუხსნა ოთხივე ბრალდებულს.
ამავე განაჩენით, სასამართლომ, ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა გაამართლა მეორე დამოუკიდებელ ეპიზოდში, რომელიც ეხებოდა ერთ-ერთი მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაყვანას და ასევე იყო დაკვალიფიცირებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი).