შემოსავლების სამსახური საბაჟოზე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო ხდება. აღნიშნულს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონპროექტი ითვალისწინებს უფლების მფლობელის მიერ რეგისტირებულ ინტელექტუალურ საკუთრების ობიექტზე სასაზღვრო ღონისძიების განხორციელების მოთხოვნას საბაჟოზე. აღნიშნული მოთხოვნის რეგისტრაცია კანონის ამოქმედებიდან 2011 წლის დეკემბრამდე ხორციელდებოდა შემოსავლების სამსახურში.
„საქპატენტის" ინფორმაციით, 2011 წელს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებით სასაზღვრო ღონისძიების მოთხვონის რეგისტრაცია ხორციელდება „საქპატენტის" მიერ.
„ცვლილების მიზანი იყო რეგისტრაციის რაოდენობის გაზრდა ე.წ. „ერთი სარკმლის" პრინციპის გამოყენებით. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, 2012 წელს დარეგისტრირდა 151 მოთხოვნა, ხოლო 2013 წელს 276, რაც გაცილებით მაღალი მაჩვენებელია ვიდრე 2011 წლამდე შემოსავლების სამსახურში არსებული დარეგიტრირებული მოთხოვნების რაოდენობა. თუმცა ამ ორი წლის განმავლობაში, ცნობიერების ამაღლებისა და რეგისტრაციების ზრდასთან ერთად თავი იჩინა პრაქტიკულმა პრობლემებმა (მოთხოვნის რეგისტრაციისას მფლობელის მიერ „ნიმუშის" წარმოუდგენლობა და სხვ) სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული ფუნქცია დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს"- განმარტავენ „საქპატენტში"
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, დგინდება ასევე დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესი.