პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი და მისი მეუღლე დაკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ამ წუთებში მისი და მისი მეუღლის დაკითხვა მიმდინარეობს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, გოგა ანჩაბაძის დაჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, სამართალდამცველის დაჭრაში ეჭვმიტანილი გოგა ანჩაბაძის მეჯვარეა.
გავრცელებული ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელი მეჯვარის მეუღლის გაუპატიურების მცდელობის გამო მისმა მეჯვარემ დაჭრა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ გამოძიება გაუპატიურების მცდელობის ვერსიაზეც დაიწყება.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ პიროვნებას მართლაც ჰქონდა თავის მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი და აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ამ პატრულ-ინსპექტორთან მიმართებაშიც დაწყებულია უკვე წინასაგამოძიებო მოქმედებები. როგორც ვიცით, არსებობს დაზარალებული გოგონა და არსებობენ ამ ფაქტის მოწმეებიც. სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლოა, უახლოეს საათებში დაიყოს,"- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
ამ დროისთვის დაჭრილი სამართალდამცველი ზუგდიდის საავადმყოფს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მას ყური აქვს მოჭრილი და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციელი ზუგდიდში დაახლოებით 12:00 საათზე იპოვეს. იგი შიშველ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველის ფორმა იქვე, დაჭრილ მდგომარეობაში იდო.