ფრანგული წარმოების ვერტმფრენებს, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილისთვის იყო განკუთვნილი, ამ დრომდე მყიდველი არ გამოუჩნდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, ამ დროისათვის ეს ვერტმფრენები სპეციალურ სანგარში დგას და მისი მოვლა პატრონობა სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება. მინისტრმა განმარტა, რომ ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ დაიშურა და ცნობილი ლიდერებიც კი დაიქირავა, თუმც სასურველ შედეგს ამ დრომდე ვერ მიაღწია.
„ვერტმფრენების გაყიდვა ძალიან გაგვიჭირდა. ყველაზე ცნობილი დილერები დავიქირავეთ, მათ შორის საფრანგეთში ამ ვერტმფრენების გასხვისებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ წინადადებები იმისათვის, რომ ერთბაშად გაყიდულიყო ეს ვერტმფრენები აქ გვქონია. იყო ლიზინგზეც წინადადებები, მაგრამ ლიზინგი შეიცავდა ძალიან სერიოზულ რისკებს და აქედან გამომდინარე თავი შევიკავეთ.
საბოლოო ჯამში ჩამოვიყვანეთ ეს ვერტმფრენები. დღეისათვის ისინი არიან სპეციალური მოვლა პატრონობის ქვეშ, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ ძალიან სერიოზული მოვლა პატრონობის დანახარჯები. აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს გასხვისება. თუ არ გაიყიდება და რაღაც პერიოდი შევხედავთ, რომ არ გაიყიდა, მერე რათქმა უნდა სახელმწიფო მოიხმარს ამას. თუ მათი რეალიზაცია მოხდება იმ ფასით, რა ფასითაც ჩვენ ეს ვერტმფრენები შევიძინეთ, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ფლოტის ყიდვა"- განმარტა კვირიკაშვილმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ამ 2 ვერტმფრენის ფასთან მიმართებაში ხელისუფლებას ჯერჯერობით დისკონტი არ გაუკეთებია, და ამ მიმართულებით საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.
მინისტრის განცხადებითვე, ხელისუფლებას სერიოზული გეგმები აქვს მთის განვითარების თვალსაზრისით და სწორედ ამ კონტექსტში ქვეყანას რამდენიმე ვერტმფრენი დასჭირდება. რათა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განხორციელდეს ფრენა.