2013 წლის ბიუჯეტის შესავსებად მთავრობას ვალის აღება არ მოუწევს, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აკეთებს.
მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტი იმ დანაზოგებიდან შეივსება, რომელიც ხელისუფლებას კაპიტალური ხარჯებისთვის აქვს დაზოგილი.
„ვალის აღება არ მოგვიწევს, რადგანაც დაგროვილი დღგ-ს ვალს ვაბრუნებთ, ბუნებრივი ტემპით მოდის კომპანიებისგან მოთხოვნები და ჩვენ არც ერთ კომპანიას არ ვაჩერებთ და ვუბრუნებთ. მშენებლობების მიმართულებით დაგროვილი ვალის გასტუმრება ხდება, იმ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, რომელიც შევქმენით. ჩვენ ასევე არანაირ დაბრკოლებებს არ ვქმნით. უბრალოდ იყო რაღაც მიმართულებები, სადაც იმ სიჩქარით ფული არ დახარჯული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არანაირი ტრაგედია არ არის, გამომდინარე იქედან თუ რა ფუნდამენტური ცვლილებები ხდება ეკონომიკაში"- განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
მინისტრის განმარტებით, სოციალური ვალდებულებების გასტუმრება გეგმიურად მიმდინარეობს და მის გასტუმრებას პრობლემები არ შეიქმება.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია განმარტავს, რომ 2013 წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 0,5 მლნ ლარამდე დააკლდება.