საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესსა და სახელმწიფო უწყებიდან ყველა სახის ინფორმაციის მიღების გამარტივებულ მეთოდებზე თბილისის მერიის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის დახვეწილი მოდელის შექმნას ისახავდა მიზნად, რაც ქვეყანაში ევროპული სტანდარტის დანერგვას ითვალისწინებს.
ამ მიმართულებით უკვე დაგეგმილ და განსახორციელებელ სიახლეებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეზენტაციის სახით ინფორმაცია მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა მიაწოდა. მისი განცხადებით, უკვე რამოდენიმე თვეა სამოქალაქო სექტორს, დედაქალაქის მთავრობა საჯარო ინფორმაციას, საკუთარი, დადგენილი წესით აწვდის. ამ პროცესში უწყების შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები არიან ჩართულნი და დედაქალაქის მთავრობაში განხორციელებულ სიახლეებს მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ანთავსებენ.
დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციებს 2013 წლის ანგარიშიც გააცნეს, რომელიც სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობას გულისხმობს. ანგარიშში ის განცხადებები მოხვდა, რომლებსაც დედაქალაქის მთავრობას მოქალაქეები, კერძო კომპანიები და სხვადასხვა უწყებები მიმდინარე წელს უგზავნიდნენ. სამუშაო პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც გაჟღერდა.
შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა, რომ მსგავსი ფორმატის ურთიერთობა თბილისის მერიასა და არასამთავრობო სექტორს შორის მომავალშიც გაგრძელდება.