ნინო გვასალიას ცხედარს პროზექტურიდან საკუთარ სახლში დღეს გადაასვენებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, გვამი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული, თუმცა იგი აღმოჩენისას ნორმალურ მდგომარეობაში იყო და მისი ამოცნობაც არ გართულებულა.
გიორგაძის ინფორმაციით, ნინო გვასალიას ცხედარს ვიზუალური დათვალიერებისას მნიშველოვანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
მისივე თქმით, მუხათწყაროს ტყეში ახალგაზრდა გოგონას ცხედრის პოვნის თაობაზე შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ დაახლოებით 16:00 საათზე შევიდა.
"ჩემი ინფორმაციით, შეტყობინება სამართლადამცველების მიერ განხორციელდა. არ ვიცი პირველად ვინ აღმოაჩინა გვამი. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ,"- განუცხადა "ჯი-იჩ-ენს" გიორგაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე მისთვის უცნობია თუ რამდენი დღის წინ შეიძლება მომხდარიყო აღნიშული უბედური შემთხვევა და ამასთან დაკავშირებით დეტალებს ექსპერტების დასკვნა წარმოადგენს.
ნინო გვასალიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს.
17 ოქტომბერს გაუჩინარებული 22 წლის ნინო გვასალია მუხათწყაროს ტყეში, მიუვალ ადგილზე, ხეზე ჩამოხრჩვალი გუშინ იპოვეს.
გვასალიას ცხედრის აღმოჩენის ფაქტი "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია ნინო გვასალიას მიერ დატოვებული წერილი, რომლის შინაარსიც ჯერ არ გასაჯაროებულა.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა, რა დროს დადგა სიკვდილი. წინასწარი ინფორმაციით, 22 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.
გაუჩინარებულ ნინო გვასალიას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ. ჩატარდა რამდენიმე სამაშველო-სამძებრო სამუშაო, ძებნაში ჩართული იყვნენ მოქალაქეებიც, თუმცა, შეტყობინება ნინო გვასალიას ადგილსამყოფელის შესახებ პოლიციაში არ შესულა.