ნინო გვასალიას ცხედარს ვიზუალური დათვალიერებისას მნიშველოვანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, გვამი აღმოჩენისას ნორმალურ მდგომარეობაში იყო და მისი ამოცნობაც არ გართულებულა.
გიორგაძის განმარტებით, მუხათწყაროს ტყეში ახალგაზრდა გოგონას ცხედრის პოვნის თაობაზე შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დღეს დაახლოებით 16:00 საათზე შევიდა.
ნინო გვასალიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს.
17 ოქტომბერს გაუჩინარებული 22 წლის ნინო გვასალია მუხათწყაროს ტყეში, მიუვალ ადგილზე, ხეზე ჩამოხრჩვალი იპოვეს.
გვასალიას ცხედრის აღმოჩენის ფაქტი "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში სავარაუდო სუიციდის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალისტები იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია ნინო გვასალიას მიერ დატოვებული წერილი, რომლის შინაარსიც ჯერ არ გასაჯაროებულა.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა, რა დროს დადგა სიკვდილი. წინასწარი ინფორმაციით, 22 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.
გაუჩინარებულ ნინო გვასალიას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ. ჩატარდა რამდენიმე სამაშველო-სამძებრო სამუშაო, ძებნაში ჩართული იყვნენ მოქალაქეებიც, თუმცა, შეტყობინება ნინო გვასალიას ადგილსამყოფელის შესახებ პოლიციაში არ შესულა.