თებერვლის დასაწყისში მთელი მსოფლიოს კინოინდუსტრიის ყურადღების ცენტრში გერმანია და კერძოდ ბერლინი ექცევა. ტრადიციულად სწორედ თებერვლის დასაწყისში იმართება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოფესტივალი ბერლინალე, რომელის დროსაც ყოველწლიურად 300,000 ბილეთი იყიდება, 130 ქვეყნიდან 20,000 სტუმარი ჩამოდის, მათ შორის 4000-მდე ჟურნალისტი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყიდან 400-მდე ფილმია წარმოდგენილი .
ბერლინალეს ყოველწლიური პროგრამა რამოდენიმე სექციადაა დაყოფილი. მათ შორის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კონკურსია. ასევე წარმოდგენილია დამოუკიდებელი არტ ჰაუსი და პანორამის სექცია, ახალი თაობის კინო, ექსპერიმენტული და უცნობი ფილმები ბერლინალეს ფორუმის ფარგლებში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია. ახალი და ექსტრაორდინალური ფილმები წარმოდგენილი იქნება ,,ბერლინალე სფეშალ"-ისა და ,,ბერლინალე გალა"-ს კატეგორიებში.
ბერლინალეს ოქროს და ვერცხლის დათვები - სწორედ ეს არის კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც წელსაც ტრადიციულად სექციების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიებში გაიცემა. საერთაშორისო ჟიური ყოველწლიურად იცვლება. წლეს საერთაშორისო სექციის ჟიურის ჩინელი რეჟისორი ვონ კარ ვეი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად ჟიურიში შედიან სუზან ბეირი, ანდრეას დრეზენი, ელენ კურასი, შირინ ნეშეტი, ტიმ რობინსი და ათინა რეიჩელ ცანგარი.
საერთაშორისო სექციის ფარგლებში პრიზები შემდეგ ნომინაციებში გაიცემა: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო კინოსცენარი, ჟიურის გრან-პრი. ასევე განსაკუთრებული მიღწევისთვის ერთი პრიზი გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: ოპერატორი, მონტაჟი, მუსიკა, კოსტიუმების მხატვარი, დამდგმელი მხატვარი. ჟიურის გადაწყვეტილებით ამ კატეგორიაში მხოლოდ ერთი მათგანი გახდება ვერცხლის დათვის მფლობელი. ჩამოთვლილ ნომინაციებთან ერთად გაიცემა ალფრედ ბაუერის პრიზი კატეგორიაში ,,მომავლის ფილმი". ყველა გამარჯვებული ვერცხლის დათვის მფლობელი გახდება, გარდა საუკეთესო ფილმისა, რომელსაც ბერლინალეს უმაღლესი ჯილდო, ოქროს დათვი გადაეცემა.
ოქროს, ვერცხლის და ბროლის დათვებით დაჯილდოვდებიან ასევე ყველა სხვა სექციაში წარმოდგენილი გამარჯვებული ფილმებიც.
ბერლინალეს შარშანდელი გამარჯვებული ძმები ტავიანების ფილმი ,,ცეზარი უნდა მოკვდეს" (Caesar Must Die) გახდა. ფილმმა ,,Royal Affair" საუკეთესო კინოსცენარის კატეგორიაში გაიმარჯვა და ამავე ფილმისთვის მსახიობ მიკელ ბო ფოლცგარდს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული მიენიჭა. ჟიურის გრან პრი გადაეცა ფილმს ,,Just the Wind", საუკეთესო რეჟისორი კრისტიან პეტზოლდი გახდა ფილმისთვის ,,Barbara". ვერცხლის დათვი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის რეიჩელ მუანზას გადაეცა ფილმისთვის ,,War Witch". ხოლო ალფრედ ბაუერის პრიზის მფლობელი მიგელ გომესი გახდა ფილმსთვის ,,Tabu".
წელს, ბერლინალეს ფორუმის ოფიციალურ პროგრამაში ახალი ქართული ფილმის, ,,გრძელი ნათელი დღეების'' პრემიერა შედგება. ფილმი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა და მისი ავტორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი არიან. "გრძელი,ნათელი დღეების" სიუჟეტი 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება და ორი თოთხმეტი წლის გოგონას ამბავზე მოგვითხრობს.
ბერლინალე პირველად 1951 წელს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით ,,რებეკა" გაიხსნა. ფესტივალი წელს 63-ედ 7 თებერვალს გაიხსნება და 17 თებერვლამდე გასტანს.