არჩილ კბილაშვილის შემცვლელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში ვრცელ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ფარცხალაძის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება.
აღნიშნულ საკითხზე "ჯი-ეიჩ-ენი" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
ამჟამად ოთარ ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტს იკავებს. მანამ იგი ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მას ჰყავს მეუღლე ქეთევან ცქვიტინიძე და 13 წლის შვილი დავით ფარცხალაძე.
ცნობისთვის, არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტიდან მისი გადადგომის თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. მას მთავარი პროკურორის უფლებამოსილება ოფიციალურად 17 ნოემბერს შეუწყდება, მის შემცვლელს კი, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.