სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმრების მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
სუბარის თქმით, აღნიშნულმა პირებმა თვითდაზიანებები იმის გამო მიიყენეს, რომ დასაშვებზე დიდი დოზის ფსიქოტროპულ პრეპარატებს ითხოვდნენ და მათი ეს მოთხოვნა ციხის ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა.
ამასთან, მინისტრის თქმით, ზოგადად, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ დაიწყო მუშაობა, დღეში 20 - 30 თვითდაზიანების ფაქტი ფიქსირდებოდა, ახლა კი, კვირაში უფრო ნაკლები თვითდაზიანებების შემთხვევებია, ვიდრე მანამდე 1 დღეში ფიქრსირდებოდა.
"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძიმე ვითარებაა #6 დაწესებულებაში, არის აბსოლუტურად ტყუილი. ამ დაწესებულებაში დღეს არის ისეთი წესრიგი, როგორიც არ ყოფილა არასოდეს, წესრიგი ძალადობის გარეშე და ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდება მკურნალობა, მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა და ვერც ერთი ადამიანი ვერ მიიღებს იმაზე მეტ ფსიქოტროპულ ნივთიერებას, ვიდრე მათ უნიშნავენ ექიმები. ექიმის დანიშნულების გარეშე ვერავინ მიიღებს ვერაფერს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თვითდაზიანებას მიიყენებს, ექცევა ყურადღება,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, რუსთავის #6 საპყრობილეში სამმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.
არსებული ინფორმაციით, 2-მა მსჯავრდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, ერთმა კი, შიდსის სამკურნალო პრეპარატის 200-ზე მეტი აბი დალია.
მსჯავრდებულების განცხადებით, ისინი ამ ფორმით საპატიმროში შექმნილ პირობებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ექიმები ცუდად ეპყრობიან და არ უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრეპარატებით.
"ვართ ამჟამად დაჩეხილები, ექმებისგან არანაირი ყურადღება არ გვაქვს, ფსიქოტროპულ წამლებს ვითხოვთ კანონით დადგენლი ნორმების ფარგლებში, თუმცა არ გვაძლევენ. ჩემმა თანამესაკნემ დალია შიდსის წამალი 210 ცალი და უგონოდ არის. სასწრაფო მოდის მაგრამ არ ვიცით რამდენ ხანში მოვა, პაციენტი უგოგოდ აგდია აგერ იატაკზე და ფორთხავს. ექიმს დავუძახეთ და ჯერ არანაირი ყურადღება არაა. სააკაშვილის დროს არ ხდებოდა ასეთი რაღაცა და თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, იმ დონემდე ვართ მისული, რომ თავები ჩამოვიკიდოთ,"- განაცხადა მსჯავრდებულმა გიორგი ფიფაშვილმა.