ქართული ციხეები დღეს გახდა გაცილებით უფრო საფრთხისშემცველი ჩვენი პატიმრებისათვის, ვიდრე ის ადრე როდესმე იყო დღეს,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის ინიციატივა სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა რისკის მქონე 4 ტიპის დაწესებულების აშენების თაობაზე.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, დღეს ციხეებში განმკარგველი და წესრიგის დამამყარებელი არის არა სახელმწიფო, არამედ ამ სისტემაში მთავარი ბატონ-პატრონები კანონიერი ქურდები არიან.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა რისკის მქონე 4 ტიპის დაწესებულების ინიციატივით გამოდის.
მინისტრის თქმით, მაღალი რისკის ციხეში სასჯელს კრიმინალური ავტორიტეტები და კანონიერი ქურდები მოიხდიან.
ამავდროულად იქნება დაბალი რისკის დაწესებულებაც, სადაც ის პატიმრები განთავსდებიან, რომლებიც სხვა მსჯავრდებულებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ასეთ დაწესებულებაში პატიმრები სხვადასხვა პროფესიასაც შეისწავლიან.
აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს უკვე გადაეგზავნა, მათთან განხილვის შემდეგ კი, დოკუმენტი პარლამენტს წარედგინება.