ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ 4 სხვადასხვა ტიპის საპატიმროს აშენების თაობაზე სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივა კარგად გასაწერია, რომ საბოლოოდ არ მივიღოთ კიდევ ერთი გაუგებარი რეფორმა.
"ერთის მხრივ კარგია, რომ პატიმრების უსაფრთხოებაზე გაკეთდება აქცენტი, მეორეს მხრივ ძალიან კარგია, რომ პატიმრებს ექნებათ გარკვეული სტიმული რატომ უნდა დაემორჩილონ რეჟიმს და ამ რეჟიმის დამორჩილების შემთხვევაში ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში გადავლენ. კარგად გასაწერია ეს დოკუმენტები რომ საბოლოოდ არ მივიღოთ რაღაც კიდევ ერთი გაუგებარი რეფორმა,"- განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა რისკის მქონე 4 ტიპის დაწესებულების ინიციატივით გამოდის.
მინისტრის თქმით, მაღალი რისკის ციხეში სასჯელს კრიმინალური ავტორიტეტები და კანონიერი ქურდები მოიხდიან.
ამავდროულად იქნება დაბალი რისკის დაწესებულებაც, სადაც ის პატიმრები განთავსდებიან, რომლებიც სხვა მსჯავრდებულებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ასეთ დაწესებულებაში პატიმრები სხვადასხვა პროფესიასაც შეისწავლიან.
აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს უკვე გადაეგზავნა, მათთან განხილვის შემდეგ კი, დოკუმენტი პარლამენტს წარედგინება.