სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა რისკის მქონე 4 ტიპის დაწესებულების ინიციატივით გამოდის.
მინისტრის თქმით, მაღალი რისკის ციხეში სასჯელს კრიმინალური ავტორიტეტები და კანონიერი ქურდები მოიხდიან.
ამავდროულად იქნება დაბალი რისკის დაწესებულებაც, სადაც ის პატიმრები განთავსდებიან, რომლებიც სხვა მსჯავრდებულებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ასეთ დაწესებულებაში პატიმრები სხვადასხვა პროფესიასაც შეისწავლიან.
"არის სერიოზული ინოვაცია თვითონ პატიმრების დაყოფა რისკის მიხედვით და შესაბამისად საპატიმროების დაყოფა რისკის მიხედვით. ეს იქნება საშიშროების დაბალი რისკი, საშიშროების სტანდარტული რისკი, საშიშროების მაღალი რისკი და საშიშროების განსაკუთრბით მაღალი რისკი. ეს იქნება ისეთი მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სხვა თანამშრომლებს. მათი გავლენა გარესამყაროზე იქნება ნულის ტოლი,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს უკვე გადაეგზავნა, მათთან განხილვის შემდეგ კი, დოკუმენტი პარლამენტს წარედგინება. ექსპერტთა ნაწილის აზრით, დოკუმენტი დასახვეწია.