საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას შეწყალების ფაქტს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. როგორც ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ განაცხადა, სააკაშვილის გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენასთან კავშირი არ აქვს.
,,ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით საბოლოო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას და სასამართლოს განაჩენის ამ გზით შეცვლა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არაფერი არა აქვს საერთო სამართლიანობის აღდგენასთან, რაზეც მიხეილ სააკაშვილი თავის განცხადებაში აპელირებს", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაია შეიწყალა. მანამდე კი სპეციალური გაცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. თუმცა ახალაია ისევ პატიმრობაში რჩება, რადგან სანდრო გირგვლიანის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.