პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბაჩო ახალაიას შეწყალების აქტი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ჯერ არ მიუღია, - ამის შესახებ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საბრისას აღნიშნა.
ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ბაჩო ახალაიას შეწყალების აქტს ხელი უკვე მოაწერა. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, შეწყალების თხოვნით მიხეილ სააკაშვილისთვის პირადად ბაჩო ახალაიას არ მიუმართავს და აღნიშნულის თაოაბზე შესაბამისი განცხადება შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრებმა დაწერეს.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მყოფ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას შეიწყალებს. ქვეყნის პირველ პირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნშნულია, რომ პროკურატურის მიერ ახალაიას მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა, ხოლო უშუალოდ "ციხის ბუნტის" საქმე უბრალოდ სამარცხვინო, საშიში და ანტისახელმწიფოებრივი.
"მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბაჩოს არ დაუშვია სერიოზული შეცდომები. არც იმის გამორიცხვა შეიძლება არასდროს, რომ შეიძლება კანონიც დაერღვია და ამის შესახებ არაფერი გვცოდნოდა, მაგრამ ამდენი ძიების შემდეგ, ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, უსაფუძვლო აღმოჩნდა, ხოლო „ბუნტის" საქმე უბრალოდ სამარცხვინო, საშიში და ანტისახელმწიფოებრივია.მე ვგმობ და ვემიჯნები ციხეში ან ნებისმიერ სხვა უწყებაში წამების, ცუდად მოპყრობის, უკანონობის ნებისმიერ ფაქტს - განაჩენი რომ რომელიმე მსგავს ფაქტზე დამდგარიყო, კატეგორიულად ვაცხადებ, არ გამოვიყენებდი შეწყალების უფლებას!მაგრამ ეს საქმეები პროკურატურამ წარადგინა და ისინი ბაჩო ახალიასთან მიმართებაში ყველას თვალწინ დაიშალა. ამგვარად, გამამართლებელ განაჩენებთან ერთად, საკითხიც მოიხსნა.რაც შეეხება ციხის ბუნტის საქმეს, რომელიც უკავშირდება კანონიერი ქურების ინსტიტუტის კანონიერ ჩარჩოებში აღმოფხვრის პოლიტიკას, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ეს იყო ჩემი, როგორც საზოგადოებისგან შესაბამისი მანდატის მქონდე თანამდებობის პირის და ასევე ჩემი მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილება! დღესაც ღრმად მწამს, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელზეც სრულ პასუხისმგელობას ვიღებ! ვიმეორებ, წინა ორ საქმეზე, დასაბუთებული განაჩენის შემთხვევაში, არ და ვერ დავიცავდი, შესაბამისად, არც შევიწყალებდი მას. ხოლო რაც შეეხება კანონიერი ქურდების ჩვენებების საფუძველზე, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ გამოტანილ განაჩენს, აქ საქმე არა იმდენად ბაჩო ახალაიას პიროვნებაშია, არამედ ისტორიის, სიმართლის და სამართლიანობის წინაშე, ჩემი ვალია, ხელი მოვაწერო შეწყალების აქტს ამ სამარცხვინო საქმის წარმოებისა და განაჩენის დადგომის შემდეგ; მოვაწერო არა იმიტომ, რომ საქმე შეეხება ბაჩო ახალაიას (მით უმეტეს, რომ ამ შეწყალებით, პროკურატურის მანიპულაციიების შედეგად, იგი ახლა ვერ გათავისუფლდება), არამედ იმიტომ, რომ არ დავუშვათ პრეცედენტი - „კანონიერმა ქურდმა" გაასამართლოს და ციხეში ჩასვას მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ვეღარასდროს ვერ უნდა გაბატონდნენ იმ ეზოებსა და სკოლებში, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან, როგორც ეს იყო ჩემი ბავშვობის და უფრო გვიან პერიოდში. საქართველოს, როგორც ქვეყანას, აღარასდროს არ უნდა დაუბრუნდეს კრიმინალებისა და მაფიოზებების ქვეყნის ძლივსგამქრალი რეპუტაცია და ამ მხრივ მაინც ვერავინ ვეღარ უნდა დაგვაბრუნოს წარსულში,"- ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.