შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით სავარაუდოდ დღეს მიმართავს.
როგორც ახალაიას ადვოკატმა გოგა ონიანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ბრალდებული ექს-მინისტრის ადვოკატებს შეწყალების საკითხზე განაცხადის გასაკეთებლად ახალაიასგან თანხმობა უკვე მიიღეს.
"ჩვენთვის უკვე ცნობილია ბაჩო ახალაიას პოზიცია შეწყალებასთან დაკავშირებით. მას ნამდვილად არ აქვს არანაირი მორალური პრობლემა ქურდების მიერ გამოტანილ განაჩენზე პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს, პირიქით, იგი თვლის, რომ ეს სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რადგან ქურდებმა არ უნდა გაიმარჯვონ სახელმწიფოზე და ყოფილ მინისტრებს არ უნდა ასამართლებდნენ კანონიერი ქურდების ჩვენებებით,"- განაცხადა გოგა ონიანმა.
ამასთან, გოგა ონიანის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე ბაჩო ახალაიას განაცხადის დაკმაყოფილება დღესვე შეეძლება.
ბაჩო ახალაიას ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალების შემთხვევაში, ბრალდებული ახალაია საპატიმროში ისევ დარჩება, თუმცა მისთვის წაყენებული დამატებითი ბრალი ნაკლებად მძიმე დანაშაულად კვალიფიცირდება და მაქსიმალური სასჯელის სახით 0-დან 3 წლამდე პატიმრობას ან ფულადი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.