საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადირების ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.
კეზერაშვილის ადვოკატის შოთა მინდელის განცხადებით, გუშინ გამართულ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ კეზერაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და კეზერაშვილი 40 დღიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
რაც შეეხება კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხს, ადვოკატის ინფორმაციით, ეს თემა გუშინდელ სასამართლო სხდომაზე საერთოდ არ განხილულა.
"განხილვის შემდეგ ისევ პატიმრობაში რჩება საფრანგეთში. ეს არის მოსამართლის გადაწყვეტილება. თუმცა არ ვიცი ამ გადაწყვეტილების დეტალები და თუ რითაა დასაბუთებული, ამიტომ მიჭირს თქმა თუ რატომ რჩება ის დღესაც პოატიმრობაში. გარდა ამისა, გუშინ წყდებოდა მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება და რაც შეეხება ექსტრადირებას და დანარჩენ საკითხებს, ეს მომავალში განიხილება და გადაწყდება,"- განაცხადა შოთა მინდელმა.
კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხზე კომენტარი საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ კეზერაშვილის ექსტრადირებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი უკვე გადაუგზავნა საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებაც უახლოეს პრეიოდში იქნება მიღებული.
"სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს ზედა ინსტანციის სასამართლოში. ასევე, როგორც კი 40 დღიანი ვადა ამოიწურება, სასამართლო კიდევ ერთელ განიხილავს პირის პატიმრობაში მიზანშეწონილობის საკითხს. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია დაცვის მხარემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თუ არა საკასაციო წესით, შესაბამისად დღევანდელი მდგომარეობით იგი პატიმრობაში რჩება. რაც შეეხება საექსტრადიციო დოკუმენტაციას, ეს დოკუმენტაცია უკვე გამზადებული და მიწოდებულია ფრანგული მხარისათვის, ამჟამად არის საფრანგეთის ისუტიციის სამინისტროში და შემდგომ უკვე, როდესაც იუსტიციის სამინისტრო ადგილობრივ სასამართლოს მიაწვდის, მოხდება საკითხის არსებითად განხილვა,"- განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.
საქართველოს თავდავცის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფრანგმა სამარალდამცველებმა 14 ოქტომბერს ნიცაში დააკავეს.