მთავარი პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ბრალდებულების - ბაჩანა ახალიას, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევას, მამუკა აბაშიძის, დავით ჩუბინიძის, დავით გიორგაშვილის, რობერტ სუთიძის და დავით ვეკუას მიმართ.
ბრალდებულებს ბრალი ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, წამებაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ 2012 წლის აგვისტოში ორგანიზება გაუკეთა შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე შვიდი თანამშრომლის წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი დანარჩენ ბრალდებულთა მიერ.
ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალდებები დასტურდებოდა ყველა (7) დაზარალებულისა და 63 მოწმის ჩვენებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარეს ჩაბარდება სასამართლოს მოტივირებული განაჩენი, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი გასაჩივრების შესახებ", _ნათქვამია განცხადებაში.