მთავრობა მოვალის სამართლებრივი დაცვისთვის დამატებითი მექანიზმების ამოქმედებას გეგმავს. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილების მიხედვით, სავალდებულო ხდება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება. თუმცა
აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოტიზო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე.
ირკვევა, რომ იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ნოტარიუსი უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, რაც გულისხმობს „ერთი ფანჯრის პრინციპის" დაცვის მიზნით, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების გადაგზავნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ან იპოთეკის რეგისტრაციას თავად ნოტარუსის, როგორც ავტორიზებული პირის, მიერ. იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
გარდა ამისა, ნოტარიუსს დაეკისრება ვალდებულება, განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს (განსაკუთრებით, მოვალეს) ის სამართლებრივი შედეგები, რაც მოჰყვება მათი მხრიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.
კანონპროექტით ასევე იცვლება იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის მარეგულირებელი ნორმები.
„კერძოდ, ერთმანეთისაგან მკაფიოდ გაიმიჯნება ის შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლა და როდესაც ხელშეკრულებით ასეთი რამ არ არის გათვალისწინებული: იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შეიძლება გადავიდეს კრედიტორის საკუთრებაში, თუ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უძრავი ნივთის საკუთრების გადასვლის შესახებ პირობა პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით. სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ნოტარიუსი ვალდებულია მოუსმინოს კრედიტორსა და მოვალეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცეს სააღსრულებო ფურცელი, თუ მოვალე ვერ წარმოადგენს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლა და მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის საკუთრებაში, თუ კრედიტორი და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
კანონპროექტით, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების მიმართ დგინდება ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობა: იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისათვის, გარდა 1000 ლარამდე (ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში) გაცემული სესხებისა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის არითმეტიკული საშუალოს 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს და ის მოქმედებს ყოველი წლის 1 მარტიდან.
„აღნიშნული ლიმიტი ითვალისწინებს ბაზრის კონიუნქტურას და ექცევა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული მსგავსი სესხების საპროცენტო განაკვეთების (ეფექტური ძირითადად 3-4% თვეში) ფარგლებში, მაშინ, როდესაც სამიზნე ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია, დაახლოებით 5% თვეში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული საპროცენტო განაკვეთები კომერციული ბანკების შემთხვევაში წარმოადგენს ნომინალურ და არა ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს და არ ითვალისწინებს არასაპროცენტო ხარჯებს, მაგალითად საკომისიოს. არსებული შემოთავაზებით 2013 წლის დარჩენილი პერიოდისათვის და 2014 წლის 1 მარტამდე ზღვრული საპროცენტო განაკვეთი დაანგარიშდება 2012 წელს არსებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით და შეადგენს 3.96%-ს.
აქვე მითითებულია, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოტიზო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით აღსრულების ეროვნულ ბიუროს ენიჭება იძულებით მართვის (სეკვესტრის) გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. აქვე კეთდება მითითება, რომ ამ უკანასკნელის მიერ ნივთის იძულებითი მართვის (სეკვესტრის) გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების მოწესრიგება და, სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მოვალის სამართლებრივი დაცვის დამატებითი მექანიზმების შექმნა. კერძოდ, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების სავალდებულო სანოტარო წესით დადასტურების შემოღება, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობის დადგენა და ნივთის იძულებით მართვის - სეკვესტრის გამოყენების პროცესში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაწილეობის შესაძლებლობის შემოღება, აგრეთვე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებული ბუნდოვანი რეგულირების შესწორება.
„კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონის მოქმედება, კერძოდ, აღნიშნულ პირებს იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისას მოუწევთ შესაბამისი სანოტარო მოქმედებისათვის საფასურის გადახდა, რომლის განაკვეთიც, კანონპროექტის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. გარდა ამისა, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის დადგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონპროექტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში" - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
თავად კანონპროექტის ინიციატორი კი იუსტიციის სამინისტროა.