ENG / RUS       12+

მამუკა არეშიძე: აფხაზეთში მდგომარეობა რთულდება

რესპოდენტის შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთი სერიოზული პოლიტიკური შიდადაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდა. ერთმანეთს აფხაზეთის ორი ყველაზე გავლენიანი ფიგურა - ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა დაუპირისპირდნენ. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე, ანქვაბის ე.წ. ხელისუფლების სერიოზულ დასუსტებაზე და მოსალოდნელ შიდაპოლიტიკურ ძვრებზე საუბრობს.

-ალექსანდრე ანქვაბმა სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გადააყენა. რა ხდება აფხაზეთში ანქვაბსა და ლაკობას შორის?

-ლაკობას ყოველთვის აქვს პრობლემები ყველა ხელმძღვანელთან. ის ასე წავიდა არძინბას ხელისუფლებიდანაც, ბაღაფშის ხელისუფლებიდანაც, ოღონდ მაშინ საკუთარი განცხადების საფუძველზე.

უნდა ითქვას ისიც, რომ ლაკობა იმდენად ავტორიტეტური პიროვნებაა აფხაზეთში, რომ იქნება თუ არ იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი მის სიტყვას მაინც ყურს უგდებენ და მიჰყვებიან. ანქვაბმა კი თავისი დაქვემდებარებული პირის ასეთი სიჯიუტე ასე ვთქვათ - არ იპატია და გაუშვა კიდეც.

მას შესთავაზეს შვებულებაში გასვლაც, თავისი ნებით განცხადების დაწერაც, ისიც ესეც, მაგრამ ლაკობამ ეს პრინციპულად არ გააკეთა იმიტომ, რომ მომავალ კარიერაზე ფიქრობს და აქედან გამომდინარე ეს ნაბიჯი გადაიდგა.

-ლაკობას განცხადებით, მისი დაყენება ქართული მოსახლეობისათვის პასპორტების დარიგებასთანაა კავშირში ...

-რაც შეეხება ამ შემთხვევას, დიახ, ის პასპორტიზაციას უკავშირდება ნამდვილად და ანქვაბმა მას ზუსტად ის არ აპატია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა ამ საკითხში მისი მხარე არ დაიჭირა და მის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი.

პასპორტიზაციის თემა არის ძალიან ფაქიზი აფხაზურ რეალობაში და ეს საკითხი მდგომარეობს შემდეგში: გალის რაიონისა და საერთოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აფხაზეთის ბევრმა მკვიდრმა ქართველმა მიიღო აფხაზეთის მოქალაქეობა, მაგრამ ამავე დროს ბევრ მათგანს აქვს საქართველოს მოქალაქეობაც.

აფხაზეთის კონსტიტუციით, რომელიც საერთოდ მახინჯი და აპარტეიდული აქვთ ამ თვალსაზრისით, აფხაზეთის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მხოლოდ აფხაზი.

მოქალაქეობის შესახებ კანონიც სასაცილოა, ორმაგი მოქალაქეობის საკითხში შეიძლება იყო მხოლოდ აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქე, სხვა ქვეყნის - არა. ზუსტად ამის გამო, აფხაზეთის პოლიტ-ელიტის დიდ უმრავლესობას დღევანდელი სიტუაცია აწყობთ და არ აწყობთ მართლა დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში გაწევრიანების შემთხვევაში მათ ასეთი კონსტიტუციით არავინ არ მიიღებს არც გაეროში და არც არსად.

ამ კანონებით საქართველოს მოქალაქეს ფორმალურად არ აქვთ უფლება პლიუს აფხაზეთის მოქალაქეც იყოს. ეს პოლიტიკურ საყრდენად გაიხადა მაგალითად, რაულ ხაჯიმბას პოლიტიკურმა გუნდმა, იცოდა, რა, რომ ნაციონალისტურად განწყობილ აფხაზურ საზოგადოებიაში ეს პოპულარობას მოიპოვებდა და ამ თემის მეშვეობით შეუტია ანქვაბს.

ხაჯიმბა მოგეხსენებათ, ამ ბოლო წლების განმავლობაში, ყველა არჩევნებს აგებს, ამიტომ მას სჭირდებოდა ისეთი პოლიტიკური თემა რომელიც დივიდენდებს მოუტანდა და შეარჩია კიდეც ეს თემა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯერ ხომ ქვეყანა შეყარა ამ ამბავზე, მერე პლიუს მისი აქტივისტები დადიან გალის რაიონში, ართმევენ აფხაზურ პასპორტებს იქაურ მცხოვრებლებს და ანადგურებენ. სხვათაშორის ისინი მაინცდამაინც არ უყურებენ საქართველოს მოქალაქეები არიან მცხოვრებლები თუ მარტო აფხაზეთის - მოკლედ აქტიურობენ.

ლაკობა ხაჯიმბას ამ პოლიტიკურ თემას გამოეხმაურა და ბუნებრივია, დაიჭირა მისი მხარე.
ხოლო ანქვაბის პოზიცია - სახელმწიფოებრივი მიდგომაა (მათი მხრიდან ). ანქვაბი ფიქრობს არა იმაზე, რომ კანონი შესრულდეს ზედმიწევნით, არამედ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა მოხსნას გალის რაიონში აფხაზეთისათვის და ამიტომ
ის ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი ქართველი აქციოს აფხაზეთის მოქალაქედ.
მიუხედავად იმისა, ეს ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს - სახელმწიფოებრივი მიდგომაა ნამდვილად მისი მხრიდან, ხოლო ჩვენ ამას რომ არ მივიღებთ - ეს სხვა საკითხია.

ანქვაბი ამას აფასებს ცოტა სხვანაირად: ის ფიქრობს, რომ მისი ხელისუფლება შესუსტდა და ლაკობამ, რომელიც მის გუნდში მოიაზრებოდა დღეს გადაწყვიტა, რომ „ლამაზად" განუდგეს მას და ამიტომაც აყვა ამ ტალღას. თორემ, წინა წლებში, როდესად ეს ამბავი ხდებოდა გალის რაიონში და ეს კანონი კარგა ხანია მუშაობდა - ლაკობას ამის თაობაზე ხმა არ ამოუღია.
ახლა, უცებ, ბოლო რამდენიმე თვეა ამის თაობაზე გააქტიურდა.

-ლაკობა არ არის ისეთი ადამიანი, რომ ასე იოლად აყვეს რაღაცას...

-იცით რაშია საქმე, ეს მართალია, მაგრამ მეორეს მხრივ ნუ დაგვავიწყდება, რომ ლაკობა ყოველთვის განეკუთვნებოდა განსაკუთრებით ნაციონალურად განწყობილ აფხაზური პოლიტიკური ელიტის ფრთას. მისი შემრიგებლური პოზიცია ძალიან ეფემერული იყო.

მე მასთან პირადად მქონდა შეხება ერევანში და მისთვის ძალიან რთული იყო ჩვეულებრივი არასამთავრობო სექტორის მუშაობის დროსაც კი ჩვენთან კონტაქტი. არ უნდოდა უბრალოდ - გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზეც კი ვერ ვკონტაქტობდით. პიროვნებაა ეგეთი, რომელიც ან უნდა მიიღო ან ვერ უნდა მიიღო. მე - ვერ მივიღე.

რასაკვირველია ის არის მცოდნე ადამიანი, გამოცდილი ადამიანი, აქვს პოლიტიკური ალღო, მაგრამ ნაციონალიზმი ნაციონალიზმია. მე მაგალითად, რა შეცდომები ჩაიდინა ქართულმა მხარემ აფხაზეთთან მიმართებაში ისიც ვიცი, აფხაზებმაც რაც ჩაიდინეს ისიც ძალიან კარგად ვიცი და რუსეთის როლი როგორც იყო ისიც ძალიან კარგად ანუ - ობიქტურად შემიძლია შევაფასო ყველა მხარის ქმედება. ლაკობასთვის ეს რთულია - ის ასეთი პიროვნებაა უბრალოდ.

ანქვაბი მიიჩნევს, რომ კონიუქტურული მოსაზრებებით შეუერთდა სტანისლავ ლაკობა ხაზჯიმბას ნააზრევს, ხოლო ლაკობა მიიჩნევს, რომ ეს მდგომარეობა დამღუპველია აფხაზეთისთვის, თუ მოხდება ქართველების ასეთი ინტეგრაცია აფხაზურ საზოგადოებაში. მე მიმაჩნია, რომ ლაკობს სახელმწოიფოებრივ აზროვნებასთან სერიოზული პრობლემები აქვს.

-რას შეიძლება აპირებდეს ლაკობა? უფრო ღია შიდადაპირისპირებას ხომ არ უნდა ველოდოთ სადაც ლაკობა და ხაჯიმბა ერთად იქნებიან. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს?

-დარწმუნებული იყავით, რომ ეს ასე მოხდება. შეიძლება ლაკობა ხაჯიმბას გვერდით არ დაუდგეს, იმიტომ, რომ ხაჯიმბას და ლაკობას შორის თანხმობა, რომ ყოფილიყო ისინი ადრეც იქნებოდნენ ერთად. ლაკობა ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს იყო ბაღაფში იქნებოდა ეს თუ ანქვაბი. ან ნეიტრალიტეტი ეკავა, ვითომ.

რაც შეეხება პოლიტიკურ დაპირისპირებას, პოლიტიკური დაპირისპირება ბევრად უფრო სერიოზულია დღეს და ბევრად უფრო მყარ მდგომარეობაშია დღეს ხაჯიმბა ვიდრე 2003 წელს იყო მაგალითად მაშინ, როდესაც მან ბაღაფშთან არჩევნები წააგო.
მაშინ მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა პრეზენტირება გაუკეთა ხაჯიმბას, როგორც აფხაზეთის მომავალ პრეზიდენტს ამ ამბავმა მას მაინც არ უშველა. არ უშველა არც მერე 2008 ში.

მაგრამ დღეს, ხაჯიმბა უფრო მყარად არის, იმიტომ, რომ კარგი თემა შეარჩია. თან იმ ფონზე, როდესაც აფხაზური სახელისუფლებო ელიტა მართლა კორუმპირებულია სულით ხორცამდე თუ შეიძლება ასე ითქვას და ამას ხალხი, აფხაზეთის მოსახლეობა ხედავს და საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვთ ანქვაბის მიმართ. სხვათაშორის უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიტინგი გაიმართა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ანქვაბის საწინააღმდეგო სოხუმის ცენტრალურ მოედანზე და რომ არა ანქვაბის სწორი ნაბიჯი, მაშინვე შეიძლება დამთავრებულიყო მისი ხელისუფლება. ანქვაბი მაშინ მივიდა ამ მიტინგზე და დაელაპარაკა ხალხს. აფხაზები, როგორც ყველა კავკასიელები ვაჟკაცურ ნაბიჯს აფასებენ და მათ ეს ანქვაბს დაუფასეს. მაშინ ეს ამბავი ჩაიფარცხა, მაგრამ ძალიან სუსტი იყო ანქვაბი, საქართველოზე გამარჯვების მორიგი წლისთავის ზეიმისას.

მან დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომები. მან თავის სიზეიმო სიტყვაში, ერთი სიტყვით არ ახსენა ჩრდილოეთკავკასიელები და ამან გამოიწვია საშინელი აღშფოთება, განსაკუთრებით ჩერქეზულ ხალხებში და მეორე ის, რომ მათი აღლუმის დროს მოედანზე გამოჩნდა რუსული სახევრად სამხედრო და ნახევრად პოლიტიკური შენაერთი „ჩორნაია სოტნია", რომელიც უაღრესად უარყოფით ასოციაციებს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში. თან ეს ორგანიზაცია ჩამოყვანილ იქნა საიდანღაც რუსეთიდან. მოკლედ ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაში იყო მაშინ ანქვაბი.

-ეს მაშინ ... და ახლა რა მდგომარეობაშია?

-ახლაც იგივე მდგომარეობაშია. დღეს ნამდვილად არ არის ანქვაბი მომგებიან მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ მე ცოტა ხნის წინ ვახსენე მისი სახელმწიფოებრივი ხედვის უპირატესობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებით ის წარმატებით მუშაობს.
დღეს უბრალოდ ანქვაბისთვის არავის ცხელა და საერთოდ აფხაზეთისთვის, იმიტომ, რომ სოჭის ოლიმპიადა აქვს რუსეთს კარზე მომდგარი და არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ იქ სერიოზული პოლიტიკური ძვრები დაიწყოს.

თან გავითვალისწინოთ, რუსი დიპლომატის მკვლელობა, იარაღის სამარხების აღმოჩენა, რომელსაც იმარატს მიაწერენ და რომლის გულისთვისაც დაპატიმრებულ იქნა რუსლან გიცბა და ზოგოერთი სხვა ისეთი ქმედება რომელიც მოსკოვს აღიზიანებს.

ესე იგი ანქვაბის დღევანდელი მთავრობა აღიზიანებს მოსკოვსაც და აფხაზურ საზოგადოებასაც და მიუხედავად იმისა, რომ ანქვაბს ბუნებრივია ჰყავს თავისი მომხრეები მაინც მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე მომხრეების რიცხვი საკმაოდ შემცირებულია.

ასე რომ, მე გონია, რომ პოლიტიკური დაპირისპირება სოჭის ოლიმპიადის შემდეგ გაიზრდება და შედეგების მიხედვით ჯერ ჯერობით ვერაფერს გეტყვით.

-ეს შიდა აფხაზურ-პოლიტიკური პროცესია გარეშე ძალის ჩარების გარეშე?

-მე მგონი მაინც შიდაპოლიტიკური პროცესია და ლაკობას გათავისუფლება დაგეგმილი იყო ორი კვირის წინ უკვე.

-თუმცა, ცვლილება არ არის: პასპორტიზაცია შეჩერებულია და ქართველებს პასპორტებს კვლავ ართმევენ.. ასე, რომ თქვა, რომ ლაკობას გადაყენებით ანქვაბის პოზიციამ გაიმარჯვა ეს ასე არ არის...

-არ არის ასე ნამდვილად, იმიტომ, რომ ანქვაბის პოზიცია ისედაც შესუსტებულია და ლაკობას დაკარგვით კიდევ უფრო შესუსტდება. თუმცა, უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელში მჯდარი ოპოზიციონერი წარმოუდგენელია ხომ ასეა და ეს ნონსენსია.
თუმცა, თუ სტანისლავ ლაკობა შეემატა ოპოზიციონერების რიგებს და ამის თაობაზე მე უკვე ვისაუბრე არ არის გამორიცხული, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდეს.

„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე

ავტორი: . .