საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი შეიწყალა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი აქტი სამინისტროში გუშინ შევიდა.
ამასთან, კორძაიას ინფორმაციით, გუშინ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებული 200-ზე მეტი პატიმრის შეწყალების შესახებ აქტი გადაეგზავნა.
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძმას, დავით ადეიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო ედებოდა. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.