ოსი სეპარატისტები ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტს ია თინიკაშვილს პირდაპირ ეთერში ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრნენ.
როგორც თინიკაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ინციდენტი 15:00 საათზე სოფელ ხურვალეთიდან პირდაპირი ჩართვის დროს მოხდა.
"მავთულხლართებს მიღმა დარჩენულ 80 წლის დავით ვანიშვილის ოჯახის წევრებს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ და არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მოკვლით ექმუქრებოდნენ, სწორედ ამ თემაზე ვმუშაობდით მე, ჩემი ოპერატორი და მძღოლი და ჩართვა გვქონდა მავთულხლართების მიმდებარე ადგილიდან. ამ დროს მოვიდა ოსური სანომრე ნიშნებით შინდისფერი "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელშიც 2 სამოქალაქო ფორმიანი და ერთი ლურჯ ფორმიანი პირი ისხდნენ, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ეს ფორმა ოსურ ომონს ეკუთვნოდა. მათ ტერიტორიის სასწრაფოდ დატოებისკენ მოგვიწოდეს და ოპერატორს უთხრეს კამერა არ შეეტრიალებნა, თორემ ცეცხლს გავიხსნიდნენ. შემდეგ გვაგინეს და შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ამ დროს დავით ვანიშვილის 80 წლის მეუღლე გამოგვესარჩლა და მასაც უყვირეს გაჩერებულიყო, თორემ ესროდნენ. შემდეგ უკვე მავთულხლართებისკენ გამოიწიეს და გადმოძრომა სცადეს, დაგვემუქრნენ გადაგათრევთ და დაგაპატიმრებთო, თუმცა მოვახერხეთ ტერიტორია სასწრაფოდ დაგვეტოვებინა. რა თქმა უნდა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიყავით და ისინი ზეწოლას მავთულხლართების გადაღმა ტერიტორიიდან ახორციელებდნენ, ანუ მავთულხლართები გვყოფდა მხოლოდ,"- განაცხადა ია თინიკაშვილმა.