ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ოსი სეპარატისტებს მხრიდან ე.წ. საზღვრებზე ბოძების დამონტაჟება ქართული მხარის პროვოკაციაზე წამოგებას ემსახურება.
"ოსი სეპარატისტები ბოძების დამონტაჟების შემდეგ ე.წ. საზღვრის შემოფარგვლას მავთულხლართებითაც გეგმვენ. ასევე, რუსი ოკუპანტები აღნიშნული მონაკვეთის მთელ პერიმეტრზე თანამედროვე ტექნიკის დამონტაჟებას აპირებენ, რომელიც ე.წ. უკანონო გადაკვეთის ფაქტებს დააფიქსირებს. ეს ყველაფერი კი ქართული მხარის პროვოკაციაზე წამოსაგებად კეთდება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.
ექსპერტის განცხადებით, ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა საერთაშორისო თანამეგობრობას ეკისრება, რომელსაც რუსეთზე ზეწოლის შემთხვევაში მსგავსი ფაქტების აღკვეთა შეუძლია.
"საერთაშორისო დონეზე აუცილებელია ზეწოლის მექანიზმების ამოქმედება, რომელიც რუსეთს აიძულებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრების დაწესებისგან თავი შეიკავოს. თუმცა, ამისთვის მხოლოდ დიპლომატიური განცხადებები, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ არ არის საკმარისი", - აღნიშნა მან.
ჩიტაძის შეფასებით, დასავლეთმა, მას შემდეგ რაც ბუნებრივი არის მიწოდების კუთხით რუსეთზე აღარ იქნება დამოკიდებული მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა განახორციელოს. ეკონომიკურად დასუსტებული რუსეთი კი ევროპის მიმართ უფრო დამთმობი იქნება, მათ შორის საქართველოს საკითხშიც.