შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა ამავე სამინისტროს კონსტიტუციური დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
გამოძიებით დადგენილია, რომ თეიმურაზ პატარიძემ 2008 - 2012 წლებში ორგანიზება გაუკეთა უშუალო სამსახურეობრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობების დამზადებას და უკანონო გამოყენებას, რათა ეგრედწოდებული საარჩევნო კარუსელის გზით მომხდარიყო ყველა დონის, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფასლიფიცირება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მათი კანდიდატების სასარგებლოდ.
როგორც შსს-ში განმარტავენ, თეიმურაზ პატარიძის მითითებით, ყალბი პირადობის მოწმობების დასამზადებლად გამოყენებულ იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს შენობა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, ხოლო ეგრედწოდებული საარჩევნო კარუსელის მონაწილეები შერჩეულ იყვნენ საკუთრივ დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით დეტალურად სწავლობდნენ საარჩევნო სიებს, ავლენდნენ პოლიტიკურად პასიურ და საქართველოდან წლების წინ წასულ მოქალაქეებს და მათ დემოგრაფიულ მონაცემებს აწვდიდნენ პატარიძეს, რის შემდეგაც აღნიშნული მონაცემები შეჰქონდათ საქართველოს მოქალაქის ყალბ პირადობის მოწმობებში, სადაც წინასწარ ჩაკრული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა ფოტოსურათები.
"შესაბამისად, ერთ თანამშრომელზე დამზადებული იყო რამდენიმე ყალბი პირადობის მოწმობა, რომელთა გამოყენებით, აღნიშნული პოლიციელები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა ამომრჩევლის მაგივრად აძლევდნენ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მათ კანდიდატებს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხოლოდ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ათასამდე ადამიანი მსახურობდა, თითო ჯერზე მზადდებოდა და არჩევნების ფალსიფიცირებისთვის გამოიყენებოდა ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა,"- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზუგდიდიდან და ბათუმიდან ამოღებულია არჩევნებზე გამოყენებული დაახლოებით რამდენიმე ათასი ცალი ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მათ დასამზადებლად საჭირო ბეჭდები, შტამპები და სხვა ტექნიკური საშუალებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 164 2 პრიმა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.
ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ორგანიზატორების დადგენის მიზნით.