ბანკ „რესპუბლიკის" სათავო ოფისში დათო ტურაშვილის კინომოთხრობის „ფრანგულ-ქართული ისტორიები" პრეზენტაცია გაიმართა. მწერალი შეხვდა მიწვეულ სტუდენტებსა და ბანკის თანამშრომლებს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
ბანკ „რესპუბლიკის" მხარდაჭერით, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, დათო ტურაშვილმა თავისი კინომოთხრობა „ფრანგულ-ქართული ისტორიები" რამდენიმე ხნის წინ პარიზში გადაიღო. ფილმი ეძღვნება ქართულ-ფრანგულ ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობებს, გამოჩენილ ადამიანებს, რომლებიც საფრანგეთში მოღვაწეობენ. ფილმი საგანმანათლებლო ხასიათისაა და განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდა თაობისათვის, რომელიც მზა სახით მიიღებს ინფორმაციას საფრანგეთთან ახლო წარსულის კულტურული კავშირების შესახებ.
„ბანკი „რესპუბლიკა" განაგრძობს ფრანგული და ქართული კულტურული კავშირების გაღრმავების ხელშეწყობას. ყველასათვის საყვარელმა მწერალმა და მკვლევარმა დათო ტურაშვილმა მისთვის დამახასიათებელი, ორიგინალური, ინფორმატიული და სიყვარულით შთაგონებული კინომოთხრობა გადაიღო, რომელიც ერთნაირად საინტერესოა როგორც სტუდენტების, ისე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისათვის. დღეს ჩვენი სათავო ოფისის დიდი დარბაზი აუდიტორიას ძლივს იტევდა. ჩვენს თანამშრომლებთან ერთად შეხვედრაზე ისტორიის, მედიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებიც მოვიწვიეთ. დათო ტურაშვილის ფილმი ყველა დამსწრე სტუმარმა საჩუქრად მიიღო. მოხარული ვართ, რომ ამ პროექტით ჩვენი წვლილი შევიტანეთ ორი ქვეყნის კულტურათა შემდგომი დაახლოების საქმეში"- აცხადებს ბანკ „რესპუბლიკის" კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თეიკო კანდელაკი.
აღსანიშნავია, რომ ბანკი „რესპუბლიკა" 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის" წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა" კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.