თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ძალიან მალე დატოვებს.
როგორც თუთბერიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, პროკურორებმა ხელისუფლებისგან კიდევ ერთი პოლიტიკური დაკვეთა მიიღეს წინასაარჩევნოდ - გამოეყენებინათ ყველანაირი გზა და გაეწელათ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესები, რომ ახალაიას ციხის კედლები არჩევნებამდე არ დაეტოვებინა. ბაჩო ახალაიას საქმეზე საბოლოო განაჩენი 28 ოქტომბერს გამოცხადდება.
თუთბერიძე მიიჩნევს, რომ 2012 წლის 5 ნოემბერს საქართველოში ახლადდაბრუნებული ბაჩო ახალაიას დაკავება სამართლებრივი ნორმების დარღვევით, პოლიტიკური მოტივებით მოხდა და ქვეყნის იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი ენერგიას არ იშურებდნენ ემცნოთ საზოგადოებისთვის, თუ რა დიდი დამნაშავისგან იხსნეს ქვეყანა.
"საზოგადოებას ახსოვს, თუ რა პანიკაში ჩავარდა ეს ხელისუფლება, როცა 2012 წლის 5 ნოემბერს საქართველოში დაბრუნდა ბაჩო ახალაია. იგი სასწრაფო წესით, სისხლის სამართლის კანონმდებლობის უხეში დარღვევებით, წულუკიანის და კბილაშვილის უწყებამ დააკავა და ბრალი ჯერ ერთ საქმეზე, ხოლო მოგვიანებით კიდევ ოთხ საქმეზე წაუყენა. პროკურატურა მართალია სამართლებრივად წელში გამართული ვერ იყო ახალაიას საქმეებში, მაგრამ სამაგიეროდ წულუკიანი და კბილაშვილი ენერგიას არ იშურებდნენ ემცნოთ საზოგადოებისთვის, თუ რა დიდი დამნაშავის, როგორი მონსტრის, კაციჭამია მანიაკისგან იხსნეს მათ ქვეყანა, როცა ბაჩო ახალაია დააკავეს. მოვისმინეთ უამრავი აბსურდული ცილისწამება და უპასუხისმგებლო განცხადებები. მთელი ხელისუფლება თავდაცვის მინისტრიდან დაწყებული, სასჯელაღსრულების მინისტრით, უმრავლესობის დეპუტატებით და წულუკიანი-კბილაშვილით დამთავრებული, საზოგადოებას კვებავდნენ იმით, რომ ბაჩო ახალაია იყო კანიბალი. საზოგადოების დიდ ნაწილსაც სჯეროდა ეს ყოველივე, რადგან ისეთი ხალხი საუბრობდა ამის შესახებ, რომ ისინი მათ არ მოგვატყუებდნენ. უბრალოდ მთელი ფოკუსი იმაში იყო, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა პროკურატურას ლოგიკურად უნდა ეპოვა ადამიანთა დახრული ძვლები, ახალაიების ზუგდიდურ ბუნაგში გადამალული და ეს ფაქტობრივი მტკიცებულებები საჯაროდ გამოეტანა, მათ იპოვეს დახრული ვაშლი, რომელიც მოგეხსენებათ მონსტრებს არ უყვართ. ვინც ახალაიას პროცესებს თვალს ადევნებდა, ალბათ ახსოვს, რომ პროკურატურამ ახალაიასთვის ბრალის დასამტკიცემლად ათეულობით მოწმე წარმოადგინა სასამართლო პროცესებზე. თავი რომ დავანებოთ იმ გარემოებას, რომ არც ერთ საქმეში არ არსებობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აუცილებელია პირის პასუხისგებაში მისაცემად, კბილაშვილის უწყების მიერ წარმოდგენილი ერთი სახის მტკიცებულება - მოწმეები და მათი სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენებებიც კი იმდენად არასერიოზულად გამოიყურებოდა, რომ თავად ოცნების მომხრეებში საპნის ბუშტებივით სკდებოდა ახალაიას კანიბალობის შესახებ ხელისუფლების მიერ მონათხრობი ლეგენდები. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ათეულობით მოწმიდან ერთი მოწმის ჩვენებაც კი არ გამოიყურებოდა დამაჯერებლად, ერთი მოწმეც კი არ იყო მთელი ამ პროცესების განმავლობაში, რომელიც თანმიმდევრულ ჩვენებას მისცემდა, საკუთარ მონაყოლთან წინააღმდეგობაში არ მოვიდოდა ადვოკატის მიერ დასმული კითხვის შემდეგ და არ აურევდა იმ მომზადებულ ტექსტებს, რასაც მათ პროკურატურაში აზეპირებინებდნენ. საბოლოოდ ხელისუფლება მიხვდა, რომ საქმე ცუდად აქვთ და ახალაია ციხის კედლებს მალე დატოვებს. არა და წინ არჩევნებია მოსაგები. პროკურორებმა მიიღეს კიდევ ერთი პოლიტიკური დაკვეთა - ყველანაირი გზა გამოიყენონ, გაწელონ პროცესები, რომ ბაჩო ახალაიამ ციხის კედლები არჩევნებამდე არ დატოვოს. ისედაც საცირკო სანახაობად ქცეულ 12 თვიან სასამართლო პროცესებზე გამოჩდნენ არა პროკურორები, არამედ ჯამბაზებად ქცეული სახემწიფო ბრალმდებლები,"- განაცხადა თეა თუთბერიძემ.
ამასთან, თუთბერიძის თქმით, 17 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარეს საბოლოო სიტყვა უნდა წარმოეთქვათ, მაგრამ საქმის პროკურორი ნადოი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც აღნიშნული პროცესი 19 სექტემბრისთვის გადადიდო, თუმცა სასამართლო სხდომა არც 19 სექტემბერს ჩატარდა და პროკურატურის მიერ დასახელებული არაერთი მიზეზის გამო, იგი რამდნეიმეჯერ გადაიდო.
"17 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარეს საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვათ და სასამართლო პროცესების დაუსრულებელ ციკლს წერტილი უნდა დასმოდა, მაგრამ 17 სექტემბერს პროკურორი ნადოი არ ცხადდება პროცესზე. სასამართლო მას 300 ლარით აჯარიმებს და სხდომა 19 სექტებრისთვის იდება.19 სექტემბერს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომ პროკურორი ნადოი ავადაა და პროცესებზე ვეღარ ივლის (არა და ეს ავადმყოფი კაცი, რომელიც როგორც წესი საავადმყოფოში თუ არა, მინიმუმ სახლში მაინც უნდა იწვეს ლოგინად, 20 სექტემბრის ღამეს, შორტებში და ჩუსტებში გამოწყობილი, ღამის 2 საათზე სტუმრებს აცილებს და ამ დროს მას თავზე მოულოდნელად ადგებიან ახალაიას მეუღლე და მეგობრები ). აღსანიშნავია რომ ნადოის ავადმყოფობის ცნობის წარმოდგენა პროკურატურამ სასამართლოში ვერ შეძლო. 19 სექტემბერს ნადიოს ნაცვლად პროცესზე მოდის პროკურორი ია დარჯანია. იგი იმ მოტივით რომ ახლა ჩაერთო პროცესში ითხოვს საქმის გასაცნობად 30 დღიან ვადას. მოსამართლე აკმაყოფილებს მის შუამდგომლობას და საქმის გაცნობისთვის და საბოლოო სიტყვის წარმოთქმისთვის 10 დღეს აძლევს. 10 დღის შემდეგ გამართულ პროცესზე ია დარჯანია აცხადებს, რომ მას დრო არ ეყო საქმის გასაცნობად (რომელიც სულ 2 ტომისაგან შედგებოდა) და დამატებით ითხოვს 20 დღიან ვადას. მოსამართლე კვლავ აძლევს მას დამატებით 7 დღიან ვადას და პროცესი 7 ოქტომბერს ინიშნება. 7 ოქტომბერს ცხადდება პროკურორი დარჯანია და ითხოვს საქმიდან ჩამოცილებას იმ მოტივით, რომ ის და ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი (რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის შვილია), თურმე ერთი კუთხიდან ყოფილან და მათ საერთო საახლობლო ჰყოლიათ და ამიტომ ის ვეღარ გააგრძელებდა ბაჩო ახალაიას საქმის პროკურორობას. ცირკის არენაზე შემოდის ახალი პროკურორი ლეონტი ადეიშვილი, რომელიც იმ მოტივით რომ ის საქმეში სულ ახლახანს ჩერთო საქმის გაცნობისთვის ითხოვს ვადას და მოსამართლე მას 10 დღიან ვადას და მკაცრ გაფრთხილებას აძლევს - 17 ოქტომბერს 12 საათზე ან იტყვის დასკვნით სიტყვას ან უარს იტყვის ბრალდებაზე და არჩევანი ამ ორ პოზიციას შორის მხოლოდ ერთ-ერთია. პროკურატურა იძულებულია შეწყვიტოს საცირკო სანახაობა 17 ოქტომბრის პროცესზე წარმოთქვას საბოლოო სიტყვა. ბრალდების საბოლოო სიტყვა კვლავ უსუსური და არაფრის მთქმელია. მოსამართლე გადის გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილების გამოცხადების დროდ ცხადდება 28 ოქტომბერი, დილით 10:00 საათი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღე. 13 აგვისტოს სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად აღარ დაბრუნებულა მოსამართლე დავით მგელიაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შემდეგ ბაჩო ახალაიას ორ საქმეზე უნდა გამოცხადდეს განაჩენი. მოლოდინი იმისა, რომ ბაჩო ახალაიას განაჩენი, როგორც ციხის ბუნტთან დაკავშირებით ასევე შსს-ს ელიტარული 7 სპეცრაზმელის ე.წ. წამების საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი იქნება, აბსოლუტურად ლოგიკური და ბუნებრივია. თუმცა პროკურატურამ მიზანს სასამართლოს დახმარებით მაინც მიაღწია - ბაჩო ახალაია ციხეს არჩევნების მერე დატოვებს. არჩევნებზე კი "ქართული ოცნება" შეძლებს არ დაკარგოს ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნის იმედით აღსავსე ამომრჩევლების ხმები,"- აღნიშნა თეა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას სულ ხუთი ბრალდება ჰქონდა წაყენებული. აღნიშნული ბრალდებებიდან ერთ საქმედ გაერთიანებულ სამ ბრალდებაზე გამამართლებელი განაჩენი უკვე დადგა და დარჩენილია ორი განაჩენი - შსს-ს ელიტარული 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე და 2006 წლის ციხის ბუნტთან დაკავშირებით.